ალექსეი ნავალნი ომსკის საავადმყოფოში კომაში იმყოფება - პრესმდივანი

პუბლიკა

რუსი პოლიტიკოსი, ოპოზიციონერი, ბლოგერი, ანტიკორუფციული მოძრაობის წევრი ალექსეი ნავალნი ომსკის საავამდყოფოში კომაში იმყოფება. ამის შესახებ ინფომაციას მისი პრესმდივანი კირა იარმაში ავრცელებს.

მისი თქმით, საავადმყოფო პოლიციელებით არის სავსე და მათ მოითხოვეს ალექსეი ნავალნის ნივთები. როგორც კირა იარმაში აღნიშნავს, თავდაპირველად ექიმები მზად იყვნენ, რომ მათთვის გაეზიარებინათ ნებისმიერი ინფორმაცია, თუმცა მოგვიანებით მათ თქვეს, რომ ტოქსიკოლოგიური ანალიზის პასუხები გვიანდებოდა.

„ნათელია, რომ ისინი თამაშობენ დროზე და არ ამბობენ იმას, რაც იციან“,- განაცხადა ნავალნის პრესმდივანმა.

ადგილობრივი დროით 14:58 წუთზე კირა იარმაშმა twitter-ზე დაწერა, რომ ნავალნის მდგომარეობა არ შეცვლილა, მისივე განცხადებით, ექიმები დიაგნოზს მათ საღამოს გააცნობენ.

BBC-ის ინფორმაციით, რუსი ოპოზიციონერის მეუღლე იულია ნავალნაია და მისი ექიმი ანასტასია ვასილიევა ომსკის საავადმყოფოში მივიდნენ, თუმცა მათ ნავალნის ნახვის უფლება არ მისცეს. ოფიციალური პირების განცხადებით, ნავალანაიას სჭირდება ქორწინების მოწმობა, რითიც დადასტურდება, რომ ის არის ალექსეი ნავალნის მეუღლე.

კრემლში კი ალექსეი ნავალნის გამოჯანმრთელება უსურვეს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ექიმები ნავალნის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ და ისინი კონულტაციებს გადიან მოსკოვში სპეციალისტებთან.

„როგორც ჩვენი ქვეყნის ყველა სხვა მოქალაქეს, მასაც ჩვენ სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – განაცხადა პესკოვმა.


რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, როდესაც თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა. თვითმფრინავი ომსკში საგანგებოდ დაეშვა.

„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ალექსი ჩაიში ჩაყრილი ნივთიერებით მოწამლეს, რადგან მას დილით მხოლოდ ჩაი ჰქონდა დალეული. ექიმები ამბობენ, რომ ტოქსინები ცხელ სითხეში სწრაფად შეიწოვება. ალექსეი ახლა უგონო მდგომარეობაშია“, – განაცხადა პრესმდივანმა.