რუსი სამხედროები უკრაინის სამხრეთით, ხერსონში გამოჩნდნენ

პუბლიკა

რუსი სამხედროები ხერსონში გამოჩნდნენ, თუმცა ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია, მოახერხეს თუ არა მათ ქალაქის შიგნით წინსვლა. უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსი სამხედროები შენიშნეს სამხრეთით, ქალაქის აეროპორტთან.

ხერსონს რუსული არმია რამდენიმე დღის განმავლობაში ბომბავდა დნეპრის აღმოსავლეთით დაკავებული პოზიციებიდან, წუხელ კი უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეითმა ჯარმაც მორიგი შტურმი წამოიწყო.

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა ერთხელ უკვე მოახერხეს ხერსონში შესვლა, მაგრამ ქალაქზე კონტროლი შემდეგ უკრაინულმა არმიამ სრულად დაიბრუნა.

უკრაინის სამხრეთში რუსული შენაერთები ცდილობენ აღმოსავლეთ მიმართულებით წინსვლასაც და მარიუპოლის ალყაში მოქცევას. მარიუპოლს რუსული არტილერია ბომბავს. რუსულმა არმია გუშინ ბერდიანსკში შევიდა, მაგრამ მარიუპოლისკენ მეტი წინსვლა აღარ ჰქონია.