რუსმა პროკურორმა, მიკაელ ოზდოევმა ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ის დაკავებული ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩისთვის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 18-წლიანი პატიმრობის მისჯა მოითხოვა. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედიები ავრცელებენ.
ჟურნალისტს ბრალი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე – ჯაშუშობის მუხლით აქვს წარდგენილი. ევან გერშკოვიჩი ბრალს არ აღიარებს.
დღეს, 19 ივლისს ეკატერინგბურგში, სვერდლოვსკის ოლქის რეგიონალურ სასამართლოში ჟურნალისტის საქმეზე მესამე სასამართლო სხდომა გაიმართა.
წინა 2 სხდომა 26 ივნისს და 18 ივლისს ჩატარდა. საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. მეორე სასამართლო პროცესი 13 აგვისტოს უნდა გამართულიყო, თუმცა, ბრალდების მხარის მოთხოვნით, თარიღმა გადმოიწია და საქმის განხილვა დაჩქარდა.
გადაწყვეტილება დღეს, თბილისის დროით 16:00 საათზე გამოცხადდება.
32 წლის ამერიკელი ჟურნალისტი ევან გერშაკოვიჩი რუსეთში 2023 წლის მარტში დააკავეს. ეს ცივი ომის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როცა ჯაშუშობის ბრალდებით ამერიკელ ჟურნალისტს აპატიმრებენ.
მისი დაკავება გააკრიტიკა თეთრმა სახლმა, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა და პროფესიონალ ჟურნალისტთა საზოგადოებამ და მედიის ადვოკატირების სხვა ჯგუფებმა. დაკავებიდან რამდენიმე დღეში ნატომ და ევროკავშირმა ასევე გაავრცელეს კრიტიკული განცხადებები.
2023 წლის 27 აპრილს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს და ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის სადაზვერვო ორგანიზაციას და ისინი ამერიკელების არასწორად დაკავებაში დაადანაშაულა.
17 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუს და ამერიკელ სპეცსამსახურებს შრის, რათა გერშაკოვოჩი აშშ-ის მიერ დაკავებული რუს პატიმრებში გაცვალონ.