რუსეთის სამთავრობო სააგენტოების Russia Today-ისა და Sputnik-ის მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი სოხუმში ჩავიდა. ის სოხუმში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მარგარიტა სიმონიანი სოხუმში აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრის გახსნას დაესწრო. როგორც დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე მოცემულ ინფორმაციაშია აღნიშნული, Russia Today-ის მთავარმა რედაქტორმა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან შეხვედრაზე „ხაზი გაუსვა აფხაზი ხალხის მხარდაჭერას უკრაინაში რუსული სპეცოპერაციისადმი და მადლობა გადაუხადა მათ ამისთვის“.
მარგარიტა სიმონიანი მეუღლესთან, პროდიუსერთან და სცენარისტთან ტიგრან კეოსაიანთან ერთად სოხუმში ჩავიდა. სამინისტროს ცნობით, რუსმა ჟურნალისტებმა ახალი მედიაცენტრის გახსნაში მიიღეს მონაწილეობა.