ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში შოიგუ, ზახაროვა, სიმონიანი და სოლოვიევიც მოხვდებიან - RFRL

პუბლიკა

ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, სამხედრო პირებსა და რუსული პროპაგანდის გამავრცელებლებსაც შეეხება. ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ რუსული სამსახური ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირი გამოაქვეყნებს იმ პირებისა თუ მოქალაქეების სიას, რომლებსაც 27-ვე ქვეყნის მიერ დაწესებული სანქციები შეეხება. სანქციები, სავარაუდოდ, ამ პირებისა თუ ორგანიზაციებისთვის ევროკავშირში ანგარიშების გაყინვას და ამ ქვეყნებში შესვლასა თუ ტრანზიტით გავლას აუკრძალავს.

როგორც დასახელდა, სანქციები შეეხება დუმის 351 დეპუტატს, ასევე 3 მსხვილ ფინანსურ ორგანიზაციას – VEB-ს, ბანკ „რასიას“ და „პრომსვიაზბანკს“.

ასევე, „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, სანქცირებულთა სიაში მოხვდება 24 პირი, რომელთა შორის იქნებიან რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანტონ ვაინო, სამხედრო მაღალჩინოსნები, დუმის ვიცე-სპიკერი პიოტრ ტოლსტოი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა, რუსული პროპაგანდისტული ტელევიზიის RT-ის ხელმძღვანელი მარგარიტა სიმონიანი და ტელეწამყვანი ვლადიმერ სოლოვიოვი.

ევროკავშირის გარდა რუსეთისა და მისი მოქალაქეების მიმართ სანქციები აამოქმედა აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, იაპონიამ, ავსტრალიამ და კანადამ. სანქცირებულთა სიაში  მოხვდნენ მსხვილი საფინანსო ინსტიტუტები, ოლიგარქები და რუსი მაღალჩინოსნები, ასევე აშშ-მა რუსეთს შეუჩერა წვდომა დასავლეთის საფინანსო ბაზარზე, გერმანიამ კი Nord Stream 2-ის სერტიფიცირება შეაჩერა.