რუსთაველის ფილიალის დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა - „სმარტი"

პუბლიკა

სუპერმარკეტ „სმარტის” ცნობით, რუსთაველის ფილიალის დაცვის თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.  ამის შესახებ ინფორმაცია სუპერმარკეტის facebook-გვერდზე გამოქვეყნდა. მათივე ცნობით, კომპანიამ გაატარა ყველა ის ღონისძიება და რეკომენდაცია, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხრიდან იქნა მიღებული –  რუსთაველის „სმარტის” ყველა ის თანამშრომელი, რომლებიც შემხებლობაში იყო ვირუსის მატარებელთან, გადაყვანილ იქნენ იზოლაციაში; დაუყოვნებლივ დაიკეტა ობიექტი; მოხდა მისი სრული დეზინფექცია  და მხოლოდ აღნიშნული ზომების გატარების შემდგომ დაუბრუნდა სუპერმარკეტი სამუშაო რეჟიმს.

„თანამშრომელთა და მომხმარებელთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების დამატებითი ზომების მისაღებად 22 აპრილიდან სმარტის ყველა ობიექტზე მისულ მომხმარებელს მხოლოდ თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ მივიღებთ. თავად სმარტის თანამშრომლების თერმოსკრინინგი აქამდეც სისტემატურად ხორციელდებოდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სურათი  ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 385;
  • აქედან, გამოჯანმრთელებული – 84;
  • გარდაცვლილი – 3;
  • კარანტინის რეჟიმში – 5053;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 527;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.