რუსთაველის თეატრმა გააუქმა სპექტაკლი, რომელშიც ბესო ზანგური მონაწილეობს

პუბლიკა

„რუსთაველის ეროვნული თეატრი გმობს ძალადობას და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას და ხსნის 17 აპრილს დანიშნულ სპექტაკლს ,,იულიუს კეისარი”. ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ თეატრის სალაროში, ხოლო საიტზე www.biletebi.ge შეძენილი ბილეთების თანხა დაგიბრუნდებათ ანგარიშზე“, – ამის შესახებ განცხადებას რუსთაველის თეატრი ავრცელებს.

12 აპრილს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა  11 წლის წინ მსახიობ ბესო ზანგურთან თანაცხოვრების ეპიზოდები გაიხსენა. როგორც მსახიობი ჰყვება, ის განიცდიდა სისტემატურ ფიზიკურ ძალადობას ბესო ზანგურისგან, მათ შორის ფეხმძიმობის პერიოდშიც.

მსახიობი ბესო ზანგური რუსთაველის თეატრის მსახიობია. გუშინ თეატრი ამ ამბავს მხოლოდ Facebook-გვერდზე ერთი წინადადებით გამოეხმაურა და დაწერა, რომ „რუსთაველის თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის ოჯახურ ძალადობას”.

დღეს, ჟურნალისტებთან რუსთაველის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ია შერაზადიშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ისინი ელოდებიან, როგორ განვითარდება პროცესები და შემდეგ უკვე თეატრი მიიღებს თავის ზომებს.