„რუსთავი 2-ის“ დამფუძნებლები თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურებიან

პუბლიკა

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დამფუძნებლები: ჯარჯი აქიმიძე, დავით დვალი და მათი ადვოკატი კახა კოჟორიძე ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურებიან.

განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: 

„ყურადღებით გავეცანით იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ქალატონი თეა წულუკიანის, მიერ გაკეთებულ შემაშფოთებელ გაცხადებებს რუსთავი 2-ის ღამის კურიერის ეთერში, სადაც მან აღნიშნა, რომ ,,ქართულ ოცნებას და მის იუსტიციის სამინისტროს კი არ ეძინა“, არამედ ბევრი იშრომეს, რომ რუსთავი 2 „მის მესაკუთრეს“ დაბრუნებოდა.

გვსურს რამდენიმე გარემოებას გავუსვათ ხაზი:

  1. ,,რუსთავი 2“ დაუბრუნდა არა მის დამფუძნებლებსა და კანონიერ მესაკუთრეებს, არამედ ბატონ ქიბარ ხალვაშს, რომელიც მისივე აღიარებით იყო 2004 წელს ტელეკომპანიის წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულერივი ქმედების უშუალო მონაწილე და იმდროინდელი ხელისუფლების დაკვეთის შემსრულებელი. შესაბამისად, ხალვაშისთვის რუსთავი 2-ის გადაცემა სამართლიანობის აღდგენა კი არ არის, არამედ არის გაუკუღმართებული შეხედულება სამართლიანობაზე.
  1. როგორც ცნობილია, 2019 წელს ჩვენ ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ სარჩელი შევიტანეთ სასამართლოში და მოვითხოვეთ რუსთავი 2-ის 60% წილის დაბრუნება. გვსურს ვაცნობოთ დაინტერესებულ საზოგადოებას, რომ ჩვენს სარჩელზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღემდე არცერთი პროცესი არ ჩატარებულა და არც ის არის ცნობილი, თუ როდის იქნება პირველი სხდომა. შედარებისთვის უნდა გავიხსენოთ, რომ როდესაც ,,ქართულ ოცნებას“, ქალბატონი თეას სიტყვებით რომ ვთქვათ, ,,არ ეძინა“, ქიბარ ხალვაშის 2015 წელს შეტანილ სარჩელზე საქალაქო სასამართლომ ზუსტად 3 თვეში ჩაატარა არაერთი სხდომა და მიიღო ხალვაშის სასარგებლო გადაწყვეტილება.

აღნიშნულ საქმეზე ერთი და იმავე სასამართლოს რადიკალურად განსხვავებული მიდგომა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყანაში არსებულ უსამართლობას და შერჩევით სამართალს. ხელისუფლების ინტერესი ხალვაშის სარჩელის შემთხვევაში იყო დავის სწრაფად განხილვა და ასეც მოხდა: დაახლოებით წელიწად-ნახევარში სასამართლოს სამივე ინსტანციამ, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის ჩათვლით, მიიღო გადაწყვეტილება. ეს იყო რეკორდულად სწრაფი დრო ქართული სასამართლოს ისტორიაში, რასაც ანალოგი არ მოეპოვება. ჩვენი სარჩელის შემთხვევაში კი ხელისუფლების ინტერესია პროცესის გაჭიანურება და შედეგად დღემდე არცერთი სხდომა არ ჩატარებულა.

  1. გარდა ამისა, 2012 წელს ჩვენ საქართველოს პროკურატურაში შევიტანეთ განცხადება 2004 წელს მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტების გამოძიების მოთხოვნით. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და რუსთავი 2-ის დამფუძნებლები დაზარალებულებადაც გვცნეს, მაგრამ შემდეგ საქმე ,,დააძინეს“ და პროკურატურის ბნელ და მტვრიან თაროზე შემოდეს. რატომ მოიქცა პროკურატურა ასე? პასუხი მარტივია: სისხლის სამართლის წესით დამნაშავეების დადგენა გაამარტივებდა იმას, რომ რუსთავი 2 მის კანონიერ მესაკუთრეებს დაბრუნებოდა, რაც არ შედიოდა ,,ქართული ოცნების“ ინტერესებში.

ჩვენ მოთმინებით ველით, თუ როდის გაიღვიძებს სასამართლო და დაიწყებს ჩვენი სარჩელის განხილვას. ვითხოვთ ერთადერთ რამეს: სამართლიან სასამართლოს! კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მას შემდეგ, რაც წართმეული რუსთავი 2 დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს.