„რუსთავი 2"-ის, „მთავარის", „ტაბულას" და „ნიუპოსტის“ ჟურნალისტებზე თავდამსხმელებს პატიმრობა შეეფარდათ

პუბლიკა

ტელეკომპანია „რუსთავის 2-ის“, „მთავარი არხის“, გამოცემა „ტაბულას“ და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ წარმომადგენლებზე სხვადასხვა ტერიტორიაზე ძალადობით და ძალადობის მუქარით ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის და ფიზიკური დაზიანებების მიყენების ბრალდებით დაკავებული სამი პირი პატიმრობაში რჩება.

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურატურა პატიმრობას ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხის გამო მოითხოვდა.

დაცვის მხარის პოზიცია მათი გირაოს სანაცვლოდ გამოშვება იყო.

ზაზა მჭედლიძე, ზაზა ჭაავა და მურად დევლარიშვილი ბრალდებას არ აღიარებენ.

„მე აქციაზე მარტო ვიყავი, ქართველი ადამიანი, 4 შვილის მამა ვარ, არავის მიმართ მუქარა არ განმიხორციელებია, ეკლესიაში შევედი, სანთელი ავანთე.

ერთეულმა ჟურნალისტებმა შეურაცხყოფა მოგვაყენეს, პუტინის მონები, მოძალადეები გვიწოდეს, ჟურნალისტებს და ტელევიზიას პატივს ვცემ, მაგრამ ზოგიერთები შეურაცხყოფაზე იყვნენ გადასულები. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მარტო ვიყავი, მდგომარეობიდან გამოვედი და ხელი მოვუქნიე, ჩემ ხელის მოქნევაზე მზად ვარ პასუხი ვაგო, არავისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია.

აღლევების ნიადაგზე ხელი მოვიქნიე, „კავკასიის” ოპერატორს გადავეფარე, ხალხი დავამშვიდე, რომ ჟურნალისტებისთვის არ დაერტყათ. არც სასმაართლოს გავურბივარ და არც ვძალადობ, არც არავისთვის საშიში არ ვარ, რაც ჩავიდინე დანაშუალი, არ გავურბივარ და მზად ვარ იმაზე პასუხი ვაგო. ის რომ ხალხთან ერთად ვიყავი, ვიღაცას ვაგინებდი, ვემუქრებოდი, ტყუილია. ქართველი ადამიანი ვარ, მშვიდობიანად ვდგავართ, ვლოცულობთ და პუტინის მონებოო, გვეძახდნენ“, – განაცხადა პროცესზე მურად დევლარიშვილმა. მის ჩვენებას „ინტერპრესნიუსი“ აქვეყნებს.

„ტაბულას“ ჟურნალისტი მაკო ჯაბუა აცხადებს, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ზაზა მჭედლიძემ მას კეტი ჩაარტყა.

„რაც ჩავიდინე, გულწრფელად ვინანიებ. პუტინის მონას რომ გიწოდებენ, გაღიზიანდები, დროშის ტარი მოვიქნიე და კამერას მოხვდა, სოციალურად დაუცველი, 2 შვილის მამა ვარ, ტაძარში ვმსახურობ. ალბათ, ჩემი საახლობლოც იტყვის, რომ მოძალადე არ ვარ, რაც ჩავიდინე იმასაც ვნანობ, მიმალვას არ ვაპირებ. ოჯახი მყავს პატივცემულო მოსამართლე, დამეჩაგრება შვილები“, – მიმართა მოსამართლეს პროცესზე მჭედლიძემ. მის ჩვენებას „ინტერპრესნიუსი“ აქვეყნებს.

კიდევ ერთი ბრალდებული, ზაზა ჭაავა, არის პირი, რომელიც რუსთაველის გამზირზე სკუტერით მოდის ჟურნალისტების მიმართულებით.

ჭაავამ სასამართლოზე სიტყვის უფლებით ისარგებლა და თავი იმით გაიმართლა, რომ სკუტერის საჭე ვერ დაიმორჩილა.

„სადაც ჟურნალისტებში შევვარდი ჩემი მიზანი მათი დაზიანება არ იყო. ტრანსპორტმა მიმტყუნა, ვინც მოპედს მართავს, იცის რაზეც ვსაუბრობ, ახალი გადაწყობილი მქონდა მუხრუჭი, ჩემ მოძღვარს მოვკარი თვალი და მასთან პურის მისატანად მივდიოდი, გამექცა მოტოციკლი, გაზიც გაიჭედა, ვიგინებოდი და ვყვიროდი, რადგან მივხვდი, რომ ვეღარ ვაჩერებდი, შევარდნისას რატომღაც ერთ-ერთი ოპერატორი წიხლებით შემომახტა მკერდზე, რადგან ისევ გაზსს მივაწექი, იქნებ აიშვას-მეთქი. თუ ეს ხალხი თვლის, რომ მე ვიძალადე ჟურნალისტებზე და ასე მწირავენ, მე მაინც საზოგადოებას ბოდიშს მივუხდი ამისთვის. თუ რომელიმე ჟურნალისტი თვლის, რომ ვიძალადე, ამაზე ვაგებ პასუხს. მე არ ვარ ჟურნალისტების მიმართ აგრესიული. რაც შეეხება ლგბტ მსვლელობას და მათი თანაცხოვრების საქართველოში დაფუძნებას, არ ვემხრობი, ქრისტიანი ვარ“, – განაცხადა ჭაავამ. მის განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.