„რუსთავი 2-ს“ მზია ამაღლობელის ადვოკატისთვის ეთერის დათმობის მოთხოვნით მიმართეს

პუბლიკა

„რუსთავი 2-ს“ მზია ამაღლობელის ადვოკატისთვის ეთერის დათმობის მოთხოვნით მიმართეს.

„რუსთავი 2-ს“ ჩავაბარეთ განცხადება, რომელსაც ამ შემთხვევაში 6 ადამიანი ვაწერთ ხელს: ეთერ თურაძე, ნინია კაკაბაძე, ლიკა ზაკაშვილი, გელა მთივლიშვილი, თამარ რუხაძე და ზვიად ქორიძე.

ამ განცხადებით ვითხოვთ გადაცემა „ღამის კურიერში“, რომელიც მიჰყავს ნინო შუბლაძეს, მიეცეს საშუალება მზია ამაღლობელის ინტერესების დამცველს, ადვოკატ მაია მწარიაშვილს, საეთერო დროის კონკრეტულ ინტერვალში გასცეს პასუხი იმ არაზუსტ, შეცდომაში შემყვან და მცდარ ინფორმაციას, რომელიც რამდენიმე დღის წინ ამავე ეთერში გაავრცელა ირაკლი კობახიძემ. ეს განცხადება არ უნდა დარჩეს უპასუხოდ.

გამომდინარე იქიდან, რომ ჯეროვანი სიზუსტე უნდა დაიცვას მაუწყებელმა, სამართლიანად უნდა მოექცეს ყველა მოქალაქეს და აუცილებლად უნდა დაიცვას მიუკერძოებლობის პრინციპი, მაუწყებლობის ქცევის კოდექსიდან გამომდინარე, ვითხოვთ, მაია მწარიაშვილს, მზია ამაღლობელის ადვოკატს მიეცეს საშუალება, არაზუსტი და შეცდომაში შემყვანი განცხადებები გააბათილოს თავისი გამოსვლით“, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.

16 აპრილს, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში „ოცნების” პრემიერმა მზია ამაღლობელზე თქვა, რომ „მზია ამაღლობელი მსხვერპლი არ არის. ის კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა და მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და ღირსების შეურაცხყოფა. საპატიმროებში მყოფთა დიდი ნაწილი კი პროპაგანდის მსხვერპლია”.

17 აპრილს ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა ირაკლი კობახიძეს მიმართა, რომ „თუ მან მზია ამაღლობელის საქმეზე იცის გამომძიებლებსა და პროკურორებზე მეტი, მიმართოს გამოძიების ორგანოს და მისცეს განმარტება, რა დავალებასა და შეკვეთაზე საუბრობდა ტელეეთერში”.

3 მაისს მწარიაშვილმა განაცხადა, რომ ამ ცილისმწამებლურ განცხადებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართავენ.

მწარიაშვილის თქმით, კობახიძე მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციას ლახავს და თუ ქართული სასამართლო იტყვის, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დარღვეულა, საქმეს სტრასბურგში წაიღებენ.