„რუსთავის აზოტის“ თანამშრომლები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით აქციას მართავენ

პუბლიკა

დღეს დილიდან „რუსთავის აზოტის“ თანამშრომლები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ. გაერთიანებული პროფკავშირის ინფორმაციით, აქციაზე 150 ადამიანია შეკრებილი. როგორც „პუბლიკასთან“ ერთ-ერთი დასაქმებული დავით ჯოჯაშვილი ამბობს, მათი ერთადერთი მოთხოვნაა ხელფასი ყველა თანამშრომელს 50%-ით გაეზარდოს.

„მოთხოვნა არის ერთადერთი, რომ აბსოლუტურად ყველას ხელფასი 50%-ით გაიზარდოს. სხვა მოთხოვნა არ გვაქვს. ვითხოვდით, რომ გამოსულიყო უფროსობა და დაგვლაპარაკებოდა აქ, ქუჩაში, გარეთ, შემდეგ მათგან წამოვიდა წინადადება, რომ რამდენიმე წარმომადგენელი ამოვიდეს და ვისაუბროთო. ამაზე თავიდან უარი ვუთხარით, შემდეგ კი დავთანხმდით და ვუთხარით, რომ მედიასთან, ჟურნალისტებთან, კამერებთან და იურისტებთან ჩვენ შევიდოდით და ვისაუბრებდით და ამაზეც უარი გვითხრეს“, – აცხადებს ჯოჯაშვილი.

მისი თქმით, აქცია იქამდე გაგრძელდება, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება.

„ჯერჯერობით აქ ვდგავართ და თუ არაფერი არ მოხდება დღის ბოლომდე, აქედან ვერც ავტობუსები გავლენ და ვერც ცვლა შევა ქარხანაში“, – ამბობს ჯოჯაშვილი.

დასაქმებულების განცხადებით, 2019 წელს პირობა მიიღეს, რომ ხელფასები 20%-ით გაიზრდებოდა, თუმცა პირობა ამ დრომდე არ შესრულებულა.

„არც ეგ 20% დამატებია ჩვენს ხელფასს და ამოგვივიდა ყელში“, – ამბობს აქციის მონაწილე.