„რუსთავის აზოტს“ სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეუსრულებია – პროფკავშირმა აღსრულებას მიმართა

პუბლიკა

„რუსთავის აზოტის“ გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა, რომლებმაც კომპანიას სასამართლო შრომითი დავა მოუგეს, აღსრულების ბიუროს მიმართეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავის აზოტს“ 56 გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და 3-წლიანი იძულებითი განაცდურის სრული ოდენობით გადახდა დაეკისრა. თუმცა, როგორც „პუბლიკასთან“ გაერთიანებული პროფკავშირების იურისტი, თამარ სურმავა ამბობს, სასამართლოს გადაწყვეტილება კომპანიას არ აღუსრულებია.

„გადაწყვეტილება გვეცნობა 29 იანვარს, მას შემდეგ გასულია 20 დღე, თუმცა „რუსთავის აზოტს“ ის თავისი სურვილით ჯერ არ აღუსრულებია. ვინაიდან ვიცით „რუსთავის აზოტის“ მიდგომა ასეთ გადაწყვეტილებებზე და ვიცით, რომ არ აღასრულებს ხოლმე თავისი ნებით, თუკი არ ჩაერია ვინმე (აღსრულების ბიურო) და არ მოხდება ხოლმე კომპანიის იძულება, რომ შეასრულოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, ჩვენ მივმართეთ აღსრულების ბიუროს“, – უთხრა „პუბლიკას“ თამარ სურმავამ.

გაერთიანებული პროფკავშირების იურისტის თქმით, 20 დღე საკმარისი პერიოდი იყო, რომ კომპანიას გამოეჩინა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ნება. თანაც, „რუსთავის აზოტისგან“ აღსრულების მსგავსი გამოცდილება უკვე აქვთ.

„3 წელი მიმდინარეობდა სასამართლო დავა და დავის დროს ჩვენ მოვითხოვეთ დაუყონებლივი აღსრულება. კანონი ითვალისწინებს შრომით დავებზე, რომ თუ პირველმა ინსტანციამ გადაწყვეტილება მიიღო, სანამ სამ ინსტანციას მოივლის, ჩვენ შეგვიძლია მოვითხოვოთ სამსახურში აღდგენა და სამი თვის კომპენსაცია.

ჩვენ ეს მოვითხოვეთ და როცა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გამოიტანა, რომ სანამ დავა დასრულდებოდა, სამი თვის კომპენსაცია უნდა მიეცათ ამ ადამიანებისთვის, მაშინაც თავისი ნებით არ აღუსრულებიათ. მერე, როცა ბიურომ დაუყადაღა ანგარიშები, მეორე დღესვე ჩარიცხეს. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ვიცით პრაქტიკა, პირდაპირ წავედით აღსრულების ბიუროში“, – იხსენებს „პუბლიკასთან“ სურმავა.

როგორც იურისტი ამბობს, „რუსთავის აზოტს“ ევალება, გათავისუფლებული თანამშრომლები იმავე პოზიცაზე დააბრუნოს, რომელზეც მუშაობდნენ და აუნაზღაუროს განაცდური, ჯამში – 1 500 000 ლარი.

„ეს თანხა გაიზრდება, კიდევ თუ გაიწელა პროცესი, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ დროულად დასრულდეს პროცესი“, – დასძენს თამარ სურმავა.


„საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების“ ინფორმაციით, კომპანია „რუსთავის აზოტის“ საქმე უზენაესმა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

2017 წლის 25 იანვარს სს „რუსთავის აზოტის“ ადმინისტრაციამ სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა 330-ზე მეტი დასაქმებული, რომელთაგანაც 56-მა გადაწყვიტა, სასამართლოს წესით ედავა კომპანიის წინააღმდეგ.

მუშების გათავისუფლებას პროტესტი მოჰყვა. ერთი თვის განმავლობაში აქციის მონაწილეები თანამშრომლების სამსახურში აღდგენას მოითხოვდნენ, თუმცა კომპანიამ მათი მოთხოვნები არ დააკმაყოფილა და გათავისუფლებულებს სამი თვის განმავლობაში 400-ლარიანი კომპენსაცია შესთავაზა. ნაწილმა კომპენსაცია აიღო, დანარჩენებმა კი სამართლებრივი დავის საშუალებით მოითხოვეს სამსახურში აღდგენა.