სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავის აზოტს“ 56 თანამშრომლის აღდგენა და განაცდურის გადახდა დაევალა

პუბლიკა

პროფკავშირის ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავის აზოტს“ 56 გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და 3-წლიანი იძულებითი განაცდურის სრული ოდენობით გადახდა დაეკისრა.

„საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების“ წარმომადგენელი თამაზ დოლაბერიძე „პუბლიკასთან“ აცხადებს, რომ უზენაესმა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო კომპანია „რუსთავის აზოტის“ საქმე, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. დოლაბერიძის თქმით, გათავისუფლებულ თანამშრომელთა განაცურის ანაზღაურება „რუსთავის აზოტს“ ჯამში 2 მილიონ ლარამდე დაუჯდება.


2017 წლის 25 იანვარს სს „რუსთავის აზოტის“ ადმინისტრაციამ სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა 330-ზე მეტი დასაქმებული, რომელთაგანაც 56-მა გადაწყვიტა, სასამართლოს წესით ედავა კომპანიის წინააღმდეგ.

მუშების გათავისუფლებას პროტესტი მოჰყვა, ერთი თვის განმავლობაში აქციის მონაწილეები თანამშრომლების სამსახურში აღდგენას მოითხოვდნენ, თუმცა კომპანიამ მათი მოთხოვნები არ დააკმაყოფილა და გათავისუფლებულებს სამი თვის განმავლობაში 400-ლარიანი კომპენსაციები შესთავაზა. ნაწილმა კომპენსაცია აიღო, დანარჩენმა თანამშრომლებმა კი სამართლებრივი დავის საშუალებით მოითხოვეს სამსახურში აღდგენა.

 

LB loan image desktop LB loan image mobile