რუსთავის ციხეში პატიმარი გარდაცვლილი ნახეს - სუიციდის ვერსიის ოჯახს არ სჯერა

პუბლიკა

რუსთავის მე-17 დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს, შემთხვევა 2 ოქტომბერს მოხდა. პენიტენციური სამსახური ამბობს, რომ ადგილი ჰქონდა სუიციდს, ოჯახს ამ ვერსიის არ სჯერა.

„TV პირველის” ინფორმაციით, გარდაცვლილი მსჯავრდებული იაკობ გულედანია. „TV პირველთან“ საუბრობს გარდაცვლილის მამიდა ვალიდა გულედანი – მას სუიციდის ვერსიის არ სჯერა.

„მე მამიდა ვარ. პარასკევს გასკდა ეს ამბავი, რომ დაღუპულია. იძახიან, რომ თავი მოიკლაო – ბიჭებს უთქვამთ იქ, ტუალეტში შევიდაო, [-] და თავი ჩამოიხრჩოო. დილას კიდევ ყავა დაულევია. ან მოწამლეს ან … არ ვიცი ექსპერტებმა რა დაადგინეს და რა არა, თავს არაფრით არ მოიკლავდა, ძალადობის კვალიც აქვს, მგონი.

ახლო ნათესავიც არის, მაგასთან ერთად იჯდა ის ბიჭი; თქვენ ხომ იცით მაგათი ამბავი, დააშინებენ ან რაღაცა მოხდა. ისინიც ამტკიცებდნენ, რომ თავი მოიკლაო. თავი არ უნდა მოეკლა. რატომ მოილავდა? 3.5 წელი ციხეში იყო და თავი არ მოუკლავს და ახლა, 2-3 თვეში უნდა გამოსულიყო და ახლა მოიკლავდა?“, – ამბობს ვალიდა გულედანი „TV პირველთან“.

„პუბლიკასთან“ საუბრისას პენიტენციური სამსახური ამბობს, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა სუიციდს. პრესსამსახური გვეუბნება, რომ პროტოკოლის შესაბამისად, ინფორმაცია მიაწოდეს სამართალდამცავ უწყებას; და რომ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

მოგვიანებით უწყებამ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა:

„პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ 2026 წლის 2 ოქტომბერს №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული ი. გ. თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის მიერ მყისიერად ეცნობა ქვემო ქართლის პროკურატურას და დაიწყო გამოძიება. აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული 2023 წლიდან (სასჯელის დასრულების თარიღი – 2028 წელი) იმყოფებოდა მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც სასჯელს იხდიდა 20-კაციან საკანში. გარდაცვალების დღესაც, ვინაიდან შემთხვევა მოხდა დილის საათებში, მისი თანამესაკნეები იმყოფებოდნენ საკანში.

პენიტენციური სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოსთან და გამოძიებისთვის უკვე მიწოდებულია საქმესთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი მასალა”, – ნათქვამია განცხადებაში.