რუსთავში მედპერსონალის მხარდასაჭერად „მშრომელთა სოლიდარობის კავშირმა“ აქცია-პერფორმანსი გამართა

პუბლიკა

დღეს რუსთავში, სამშობიარო სახლის მედპერსონალის მხარდასაჭერად „მშრომელთა სოლიდარობის კავშირის“ წევრებმა აქცია-პერფორმანსი მოაწყეს – ისინი თეთრი სამედიცინო ხალათებით რუსთავის ქუჩაში გავიდნენ და გამვლელებს სთხოვდნენ, რომ ხალათებზე სამშობიარო სახლის მედპერსონალის მხარდამჭერი მესიჯები დაეწერათ. მოგვიანებით, ხალათები სამშობიარო სახლის ეზოში მიიტანეს და ხეებზე ჩამოკიდეს.

„მშრომელთა სოლიდარობის კავშირის“ წარმომადგენელმა, ილია ლობჟანიძემ, „პუბლიკას“ განუცხადა, რომ ამ პერფორმანსის გამართვის მიზეზი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციის მხრიდან მედპერსონალისთვის ჯამში 9-თვიანი სახელფასო დავალიანება იყო.

ლობჟანიძის განმარტებით, სახელფასო დავალიანების შესახებ მათ სამშობიაროში დასაქმებულმა პერსონალმა განუცხადა, თუმცა ღიად საუბარს ისინი ამ ეტაპზე ერიდებიან.

ლობჟანიძის თქმით, როდესაც გაიგეს პრობლემის შესახებ, მაშინვე მიმართეს სამშობიარო სახლის ადმინისტრაციას და ინფორმაციის დაზუსტება მოსთხოვეს. საპასუხოდ კი ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ აუცილებელი იყო წერილით მიემართათ. ლობჟანიძის თქმით, 19 ივნისს მათ შეიტანეს წერილი.

„მშრომელთა სოლიდარობის კავშირის“ წარმომადგენელის თქმით, დღეს პერფორმანსის დროს, სამშობიარო სახლის თანამშრომელმა საპასუხო წერილი გამოუტანეს, სადაც ეწერა, რომ მათ მიერ „მოთხოვნილი ინფორმაცია არის პერსონალური მონაცემების შემცველი და მათი გაცემა მოხდება მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში“.

მედპერსონის ხელფასებთან დაკავშირებული საკითხის გარკვევისთვის „პუბლიკა” სამშობიარო სახლის ადმინისტრაციასთან დაკავშირებას ცდილობს.