რუსთავში საკრებულოს წევრი დაჭრეს | შსს-მ გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

რუსთავში საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, გიორგი მღებრიშვილი ცივი იარაღით ფეხში დაჭრეს. ინციდენტის შესახებ „პუბლიკა“ „ენმ-ს“ პოლიტსაბჭოს წევრს, დავით კირკიტაძეს ესაუბრა.

კირკიტაძე ამბობს, რომ მღებრიშვილი საკუთარი უფლებამოსილების შესრულების დროს დაჭრეს.

„რუსთავში ახლა ტარდება კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეების არჩევნები და როგორც სხვა არჩევნნებში „ქართული ოცნება“ აქაც ძალადობრივად ცდილობს, რომ მეზობლებს, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ აიძულოს, რომ მათთვის სასურველ კანდიდატს დაუჭირონ მხარი იმიტომ, რომ კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე გახდეს. სწორედ ამას ეხებოდა დაპირისპირება. გიორგის შენიშვნა იყო, რომ ეს არჩევნები მაინც ჩაეტარებინათ ძალადობის გარეშე და ისე, როგორც  ხალხს სურდა. ამას მოჰყვა შელაპარაკება და მას და „ქართული ოცნების“ აქტიურ მომხრეს შორის“, – ამბობს კირკიტაძე „პუბლიკასთან“ საუბრისას.

დავით კირკიტაძე ამბობს, რომ ოპერაცია რუსთავის საავადმყოფოში მალე დასრულდება და ექიმებზე დაყრდნობით მანვე აღნიშნა, რომ მღებრიშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.