რუსულ ტელეარხებზე ატეხილი ხორხოცი თითოეული ქართველის შეურაცხყოფაა - კვირიკაშვილი

პუბლიკა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს მოსაზრებას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ.

მან თავის შეფასებაში მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე სტატუსის შესახებ ისაუბრა – როგორც პოლიტიკოსის, როგორც მსჯავრდებულისა და როგორც მოქალაქის.

გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ პატიმარ სააკაშვილის ღირსების შემლახველი ვიდეოკადრების მოხვედრა ღია საეთერო სივრცეში და განსაკუთრებით რუსულ ტელეარხებზე ატეხილი „ხორხოცი“ არის თითოეული ქართველის შეურაცხყოფა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ასევე ამბობს, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის იმ სტანდარტის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა, რომელსაც მისი მკურნალი ექიმები მოითხოვენ.

„პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მემკვიდრეობა უმძიმესია ჩვენი ქვეყნისთვის, მასში აღმართებს (რომლებიც უდავოდ იყო) ბევრად ჭარბობს დაღმართები, რომელთა შორის ყველაზე, ყველაზე მძიმე მაინც გახლავთ ის, რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ ვერ ააცილა ქვეყანას რუსული ოკუპაცია.

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი: კანონის წინაშე ყველა თანაბარია, სისხლის სამართლებრივი ბრალები, რომელთა შედეგადაც გამოტანილია განაჩენები, დადასტურებულია არა მხოლოდ ქართული მართლმსაჯულების (რომლის მიმართაც მეც პირადად არაერთხელ გამომითქვამს პრეტენზია ჯერ კიდევ პრემიერობისას, როდესაც მძიმე წარსულის მქონე მოსამართლეები უვადოდ გაამწესეს, და ეს პროცესი დღესაც გაუგონარი სიჯიუტით გრძელდება), არამედ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერაც.

პატიმარი მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი: ვფიქრობ, პატიმარ სააკაშვილის ღირსების შემლახველი ვიდეო კადრების მოხვედრა ღია საეთერო სივრცეში და განსაკუთრებით რუსულ ტელეარხებზე ატეხილი ხორხოცი არის თითოეული ქართველის შეურაცხყოფა და დამაზიანებელია ქვეყნისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც, ისევე როგორც პატიმრობაში მყოფ ადამიანზე (როგორც არ უნდა იქცეოდეს ის) სარკასტული ქილიკი არ არის თავსებადი ქართულ და ზოგადად კავკასიურ ადათ-წესებთან. ასევე, ვფიქრობ, რომ პატიმარი სააკაშვილი სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს იმ სტანდარტის სამედიცინო მომსახურებით, რომელიც მოთხოვნილია მისი მკურნალი ექიმების მიერ.

ეს, უპირველეს ყოვლისა, ქართული ოცნების ხელისუფლების და შემდგომ ქვეყნის ღირსების საკითხია, ვინაიდან, როგორადაც არ უნდა ვაფასებდეთ მიხეილ სააკაშვილს პირადად და მის პოლიტიკურ მემკვიდრეობას, ის მაინც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია“, –  წერს გიორგი კვირიკაშვილი.