„მიღებული მოგება კი მოკლული უკრაინელი მოქალაქეების სისხლით არის გაჟღენთილი“, – ასე შეაფასა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა რუსული კომპანიების მხრიდან ბიზნესის საქართველოში დაწყების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.
მან ასევე ისაუბრა, რუსეთის მხრიდან საქართველოს 15 კომპანიისთვის რძის პროდუქტების ექსპორტის ნებართვის გაცემის საკითხზეც. მისი თქმით, ისინი აღნიშნულ საკითხზე ქართველ კოლეგებთან მუშაობენ.
„რაც შეეხება ქართულ-უკრაინული ურთიერთობების გარკვეულ ასპექტებს. როგორც თქვენთვის ცნობილია, მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გაუქმებასთან დაკავშირებით. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოახდინა რეაგირება საკუთარ განცხადებაში ამ ინფორმაციაზე. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ქართველ პარტნიორებთან მუშაობას და მადლობლები ვართ იმ განმარტებების, რომელიც გააკეთა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ნებისმიერი სტიმულაციისგან და ხაზს ვუსვამთ დაუშვებლობას, რუსული კომპანიების მხრიდან ბიზნესის აქ წარმოების დაუშვებლობას, რაც დამატებით რესურსებს აძლევს [რუსეთს] უკრაინის წინააღმდეგ სისხლისმღვრელი ომის გასაგრძელებლად. მიღებული მოგება კი მოკლული უკრაინელი მოქალაქეების სისხლით არის გაჟღენთილი“, – თქვა მან.
ანდრეი კასიანოვმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის, ჰუმანიტარული დახმარებისთვის და ყველა იმ ინიციატივისთვის, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მხრიდან უკრაინისა და უკრაინელების მხარდასაჭერად გამოითქვა.
„მინდა მივმართო ყველა საქართველოს მოქალაქეს, ქართველებო, თქვენ არაჩვეულებრივები ხართ. აღფრთოვანებული ვართ უკრაინელების მხარდაჭერის დონით. უსაზღვრო ჰუმანიტარული დახმარება, მიტინგები უკრაინის მხარდასაჭერად, სახსრების შეგროვება, საქართველოს ტერიტორიაზე თქვენთან, თქვენს ოჯახებში უკრაინის მოქალაქეების დაბინავებასთან დაკავშირებული წინადადებები, ყვავილები საელჩოსთან, ყველა ქუჩა, ხიდები, გაჩერებები უკრაინის დროშის ფერებშია – ჩვენ უკრაინელები ვგრძნობთ, რომ თქვენ ყოველთვის უკრაინის გვერდით ხართ და მზად ხართ უკრაინის გვერდით იბრძოლოთ დამოუკიდებლობისთვის, დემოკრატიისთვის და თქვენი თავისუფალი არჩევანისთვის.
იმ ინფორმაციას, რომელიც ეხება საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სანქციების გაუქმებას, მინდა დავამატო, გვქონდა შესაძლებლობა, რომ გავრცელებულიყო საქართველოს რეაქცია ამ საკითხთან დაკავშირებით. დიდება უკრაინას, გაუმარჯოს საქართველოს“, – თქვა მან.
რუსეთმა საქართველოდან 15 კომპანიას რძის პროდუქტების ექსპორტის ნებართვა მისცა. საქართველოში ოფიციალური სამსახურების ცნობით, რუსეთში რძის პროდუქტების ექსპორტზე მუშაობა 2020 წელს დაიწყო.