„რუსული კანონი საფრთხეს უქმნის ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას“ - მემკვიდრეობის პლატფორმა

პუბლიკა

მემკვიდრეობის პლატფორმა რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის და მშვიდობის შენარჩუნებას.

მემკვიდრეობის პლატფორმა გმობს პარლამენტში რუსული კანონის ხელახლა დარეგისტრირებას.

„მემკვიდრეობის პლატფორმის წევრი ორგანიზაციები ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსული კანონის: „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ ხელახლა დარეგისტრირებას პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 2024 წლის 8 აპრილს. ჩვენ, როგორც სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ვეწინააღმდეგებით ამ კანონით სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობის დისკრედიტაციას.

შევახსენებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ კულტურული მემკვიდრეობა უნივერსალური ღირებულებაა. საქართველოს მეგობარი ქვეყნები იზიარებენ, რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა არის ეროვნული იდენტობის საფუძველი და პოლიტიკისა და ეკონომიკის განვითარების წინაპირობა. ისინი ფინანსური დახმარებით ხელს უწყობენ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას საქართველოში.

სწორედ რომ უცხოური დაფინანსების მხარდაჭერითა და ჩვენი მუშაობის შედეგად შევძელით: ისტორიული შენობების, ქუჩების, უბნების რეაბილიტაცია თბილისსა და რეგიონებში; საქართველოს საეკლესიო არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშების რესტავრაცია ფიტარეთსა და იკორთაში; ტრადიციული სამშენებლო ხერხების, ხელოსნობის კვლევა და სწავლება; კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის მოხალისეთა ახალგაზრდული ბანაკების შექმნა; ცისკარაული კოშკის რეაბილიტაცია არხოტის ხეობაში; კულტურული მემკვიდრეობის უსაფრთხოების გზამკვლევების შედგენა; სამუზეუმო სფეროს განვითარების ხელშეწყობა მუზეუმებისა და მუზეუმის პროფესიონალებისთვის სწავლების საერთაშორისო პროგრამების შექმნით, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებითა და კვლევებით; ტრადიციული რეწვის დარგების რეაბილიტაცია, განვითარება, ოსტატების ხელშეწყობა და პროდუქციის შექმნა; სათემო ორგანიზაციების შესწვლა რეგიონებში და სათემო ინიციატივების მხარდაჭერა და ა.შ.

ჩვენი საქმიანობა, რომელსაც ეხმარება არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციაც, საჯაროა და მასზე ინფორმაცია ხელმისაწვდომია ყველასათვის.

მემკვიდრეობის პლატფორმა მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას კანონის განხილვაზე, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის და მშვიდობის შენარჩუნებას საზოგადოებაში”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

ICOMOS საქართველო

საქართველოს ეროვნული ფონდი / The National Trust of Georgia

საქართველოს ლურჯი ფარი Blue Shield Georgia

საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია • Georgian Craft Association

CDC სათემო განვითარების ცენტრი/Community Development Centre

ICOM Georgia – საქართველო

მე ვარ ქალაქი

საზოგადოება ბათომი

მწვანე ალტერნატივა • Green Alternative

მდგრადი კავკასია

ლომეკი

 

„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს.

მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით, ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.

რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.

პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.