რუსული კანონის საფრთხეებზე განცხადებას პენამერიკაც ავრცელებს

პუბლიკა

„უმნიშვნელო კოსმეტიკური ცვლილების შემდეგ, პარტია „ქართული ოცნება” კვლავ ბიძგს აძლევს ე.წ. უცხოელი აგენტის კანონს, რათა ძირი გამოუთხაროს მწერლების, კულტურის მოღვაწეებისა და ჟურნალისტების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან და დამოუკიდებელ საქმიანობას”, – საქართველოში რუსული კანონის პარლამენტში ხელახალ ინიცირებას პენამერიკა ეხმაურება.

„სამარცხვინო კანონპროექტი ამახინჯებს სიტყვების – „გამჭვირვალობა”, „ანგარიშვალდებულება” და „უსაფრთხოება” – მნიშვნელობას, რათა შეასუსტოს საქართველოს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება. არ შეცდეთ, ეს კანონპროექტი ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი მწერლების, მხატვრებისა და კულტურის მოღვაწეების სამართლებრივ შევიწროებას.

საქართველოს ხელისუფლებამ მათ მიერვე გაცხადებული ევროკავშირის წევრობის მისაღწევად, უნდა გადადგას ნაბიჯები ადამიანის უფლებების გაუმჯობესების კუთხით და უნდა შეწყვიტოს მწერლების, მხატვრებისა და კულტურის სხვა სფეროს მოღვაწეების დამოუკიდებელი საქმიანობის შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა”, – აცხადებს პენამერიკას წარმომადგენელი ლისლ გერნთჰოლცი.


„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს.

მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.

რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.

პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.