რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძე პატიმრობაში რჩება

პუბლიკა

სასამართლომ რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძე პატიმრობაში დატოვა. მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დაცვის მხარე ბრალდებულის გირაოს სახით გათავისუფლებას ითხოვდა და ამისთვის სასამართლოს 30 000 ლარის გადახდასა და კანონით გათვალისწინებულ სხვა გარანტიებს სთავაზობდა, როგორიცაა პასპორტის ჩაბარება, შესაბამის უწყებაში გარკვეული პერიოდულობით გამოცხადება და სხვა, თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ბრალდების მხარე მიუთითებდა, რომ არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და ამის გამო აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა.

დღეს გამართულ სხდომაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ დაცვის მხარემ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა. პროკურორის განცხადებით, ამ ეტაპზე ბრალდების მხარემ უარი თქვა საპროცესო შეთანხმებაზე.

შანიძეს პროკურატურა ორი მუხლით ედავება:

1 – სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი – რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. პროკურატურის პოზიციით, შანიძის მიერ აღნიშნული დანაშაული გამოიხატა სამეთვალყურეო კამერების დაზიანებაში.

ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 100-დან 140 საათამდე, გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 1 წლამდე, შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 5 წლამდე.

2 – პროკურატურამ მოგვიანებით შანიძეს ბრალდება წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილითაც, რაც ნარკოტიკული საშუალება მცენარე კანაფის მოყვანას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 4-დან  7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამომდინარე იქიდან, რომ შანიძის მიმართ წაყენებული მუხლებიდან 265-ე მუხლი უფრო მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს, ორივე მუხლზე ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სასამართლო ვალდებულია, პატიმრობის ვადა განსაზღვროს 4-დან 7 წლამდე შუალედში. შესაბამისად, ის სასჯელის სახით ვერ გამოიყენებს ვერც ჯარიმას, ვერც საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას და ვერც გამასწორებელ სამუშაოს.  სასჯელის ზომის – თავისუფლების აღკვეთის წლების განსაზღვრის შემთხვევაშიც უნდა იხელმძღვანელოს 265-ე მუხლზე განსაზღვრული წლებით.

ბრალდებული გიორგი შანიძე დუმილის უფლებას იყენებს. დღეს გამართულ პროცესზე მისმა ადვოკატმა ისაუბრა იმ გარემოებებზე, რის გამოც აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა უფრო მსუბუქი ღონისძიებით უნდა შეცვლილიყო.

„[იმ შემთხვევაში თუ შანიძის მხრიდან ამგვარ ფაქტს ჰქონდა ადგილი], ეს იყო ის დღე, როდესაც ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი გამოხატავდა თავის პროტესტს გარკვეული პოლიტიკური პროცესების მიმართ, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ეს არის ფუნდამენტური უფლება… მაშინ, როდესაც ადამიანები აპროტესტებენ მათი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებულ პროცესებს, და მაშინ, როდესაც ისინი თვლიან, რომ პროტესტის გამოხატვით შეუძლიათ, რომ ქვეყნის მომავალი გადაარჩინონ -როდესაც ამ იდეით არიან ადამიანები შეკრებილები, ისეთი ხასიათის გადაცდომა, როგორიც აქაა მითითებული, ნამდვილად არ შეიძლება მივაკუთვნოთ მძიმე კატეგორიას.

გიორგი შანიძე არ არის ის პიროვნება, რომელიც კამერას ტეხს იმის გამო, რომ შემდეგ მაღაზია გატეხოს, რათა შემდეგ  კრიმინალური მიზნები განახორციელოს. ის არ გახლავთ ამ კატეგორიის ადამიანი, ეს ადამიანი არ აკეთებდა ამას იმის გამო, რომ რეალურად ვისიმე ზიანი დამდგარიყო – ან ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ეკონომიკური კეთილდღეობის წინააღმდეგ მიემართა დანაშაული; ის თვლიდა, რომ ეს მას, როგორც მოქალაქეს, თავისი ქვეყნისთვის უნდა გაეკეთებინა.

შანიძის პიროვნება არ უნდა იყოს სასამართლოს წინაშე წარმოჩენილი როგორც რიგითი კრიმინალი… ამიტომ ასე მკაცრად მისი ქმედება არც ბრალდების მხარეს უნდა განესაზღვრა, როცა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა, და ვფიქრობ, რომ მომავალში არც სასამართლომ ასე მკაცრად არ უნდა განსაჯოს. უნდა გაითვალისწინოს, რომ ამ ადამიანს ამოძრავებდა (თუ ეს მოხდა) პატრიოტული სულისკვეთება.

გიორგი შანიძე არ არის ის ადამიანი, ვინც საზოგადოებაში არ უნდა იყოს და კრიმინალებთან ერთად უნდა იჯდეს საპატიმროში“, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა.

როგორც ის პროცესზე მიუთითებდა, გიორგი შანიძის პიროვნული მახასიათებლები, საპროცესო შეთანხმებაზე დაცვის  მხარის პოზიცია, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შემთხვევაში დამატებით გარანტიებზე მზაობა, ქმნის იმის საფუძველს, რომ  დაკმაყოფილებულიყო ის მიზანი, რა მიზანსაც ემსახურება ზოგადად აღკვეთის ღონისძიება.

მოსამართლე ნინო თარაშვილის განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ 9 მაისის შემდეგ, როდესაც თავდაპირველად განისაზღვრა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ბრალდება არათუ შემსუბუქდა, არამედ დამძიმდა – 20 ივნისის დადგენილებით, შანიძეს დამატებით წარედგინა 265-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული აქამდე ნასამართლევი არ ყოფილა, რომ ის არც სახდელდადებული ყოფილა რაიმე სამართალდარღვევისთვის, რაიმე ახალი გარემოება, რომელიც გააქარწყლებდა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას, არაა გამოვლენილი, შესაბამისად, მოსამართლის თქმით, უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით პატიმრობის შეცვლის საფუძველი სამართლებრივად არ არსებობს.

დღეს, 1 ივლისს გაიმართა კიდევ ერთი ბრალდებულის პროცესი, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების დროს კამერის დაზიანების ბრალდებითაა დაკავებული. ადვოკატ შოთა თუთბერიძის თქმით, ბრალდებული ანდრეი რაუტბერგი სასამართლომ ასევე პატიმრობაში დატოვა.