„რუსული პროპაგანდა ქართულ ისტორიაში“, „ბიძინას ხოტბა“ - განათლების სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს

პუბლიკა

„რუსული პროპაგანდა ქართულ ისტორიაში“, „ბიძინას ხოტბა“,- განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მოქალაქეების ნაწილის პროტესტი და კრიტიკა გამოიწვია საქართველოს ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელომ. აქციის მონაწილეები სკოლებიდან აღნიშნული სახელმძღვანელოს სწავლებიდან ამოღებას მოითხოვენ, რადგან, მათი შეფასებით, სახელმძღვანელოში 2012 წლის მოვლენები პროპაგანდისტულადაა აღწერილი.

„ვხედავთ, რომ მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში გამოჩნდა პროპაგანდისტული გზავნილები, აქ აქცენტი უფრო ხშირად არის გაკეთებული ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფიაზე, თუმცა ჩვენ ასევე ამ წიგნებში ვხედავთ ომის შესახებ ინფორმაციის ისე მოწოდებას, რომელიც თითქოსდა ხაზს უსვამს, რომ საქართველო ყოფილიყო ამ ომში დამნაშავე, რაც ძალიან სახიფათოა. ასევე ვხედავთ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლის ინტერვიუს, რომელიც შეიძლება გარკვეული ინტერპრეტირების საშუალებას აძლევდეს ადამიანებს.

ვფიქრობ, რომ სახელმძღვანელოებში პროპაგანდის შეტანა ძალიან სახიფათოა, ჩვენი მოთხოვნა არის, რომ უფრო მეტი იმუშაონ განათლების სპეციალისტებმა, ისტორიკოსებმა და მათი ჩართულობით მოხდეს დაბალანსებული, რეალური ინფორმაციის მიწოდება. საჭიროა ფაქტობრივი ინფორმაციის მიწოდება სკოლებში და არა ისეთი ინფორმაციის რომელიც არის პროპაგანდისტული“, – უთხრა „პუბლიკას“ აქციის მონაწილემ , პარტია „დროას“ წევრმა, თამაზ ახობაძემ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, საქართველოს ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოში, რომელმაც 2012 წლის მოვლენების აღწერის გამო ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საზოგადოების ნაწილის კრიტიკა გამოიწვია, ისტორიული პროცესები აღწერილია გამართულად, კომპეტენტურად და მრავალმხრივად.

პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ სასკოლო სახელმძღვანელოებში ბიძინა ივანიშვილის შეტანის გამო საპროტესტო აქციები დააანონსა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„მეგობრებო, ხვალიდან და შედეგის მიღწევამდე ვიწყებთ სხვადასხვა ფორმის პროტესტს სკოლის სახელმძღვანელოში ბელადი ბიძინას დიდების შეტანის გამო. ყველა, ვისაც ამ თემაზე გაქვთ პროტესტი, გამოგვეხმაურეთ. ყველა იპოვით თქვენს ადგილს ამ პროტესტში, იქნება ბევრი ფორმით“, – წერს ხოშტარია.

დღეს, 5 დეკემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელობის ფოტოები, სადაც ბიძინა ივანიშვილის შესახებ ინფორმაცია არის ასახული.

მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელო, „დიოგენე“

 

მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელო, „ლოგოს პრესი“