სამინისტრო: სახელმძღვანელოში ისტორიული პროცესები აღწერილია კომპეტენტურად

პუბლიკა

განათლების და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, საქართველოს ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოში, რომელმაც 2012 წლის მოვლენების აღწერის გამო ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საზოგადოების ნაწილის კრიტიკა გამოიწვია, ისტორიული პროცესები აღწერილია გამართულად, კომპეტენტურად და მრავალმხრივად.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მე-9 კლასის ისტორიის ორივე ახლად გრიფირებულ სახელმძღვანელოში მიმოხილულია საქართველოს უახლესი ისტორიის პერიოდი, უახლესი წლები, მათ შორის, დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან: პირველი პრეზიდენტის მმართველობა, აფხაზეთის და სამაჩაბლოს კონფლიქტები, მეორე პრეზიდენტის მმართველობის პერიოდი, დასავლური კურსის არჩევა, ასევე, ვარდების რევოლუციის გზით ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება და მესამე პრეზიდენტის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ფაქტები.

„წიგნებში ასევე აღწერილია 2008 წლის ომი და დასავლეთის მხრიდან დიპლომატიური ზეწოლა რუსეთზე. ორივე წიგნში ასევე ერთი აბზაცი ეთმობა 2012 წელს არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებას, რა დროსაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ნაცვლად მმართველობაში მოვიდა „ქართული ოცნება“. სახელმძღვანელოებში საუბარია დამოუკიდებლობის წლების ყველა პოლიტიკური ლიდერისა და მათი მოღვაწეობის პერიოდის შესახებ. შესაბამისად, ბუნებრივია, საუბარია იმაზეც, რომ 2012 წელს ხელისუფლება დემოკრატიული გზით შეიცვალა. ასევე, მკაფიოდ ხაზგასმულია ქვეყნის დასავლური კურსის უცვლელობა, რაც განამტკიცა „ასოცირების შესახებ შეთანხმებამ“. ისტორიული პროცესები აღწერილია გამართულად, კომპეტენტურად და მრავალმხრივად“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ სასკოლო სახელმძღვანელოებში ბიძინა ივანიშვილის შეტანის გამო საპროტესტო აქციები დააანონსა.

„მეგობრებო, ხვალიდან და შედეგის მიღწევამდე ვიწყებთ სხვადასხვა ფორმის პროტესტს სკოლის სახელმძღვანელოში ბელადი ბიძინას დიდების შეტანის გამო. ყველა, ვისაც ამ თემაზე გაქვთ პროტესტი, გამოგვეხმაურეთ. ყველა იპოვით თქვენს ადგილს ამ პროტესტში, იქნება ბევრი ფორმით“, – წერს ხოშტარია.

5 დეკემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელობის ფოტოები, სადაც ბიძინა ივანიშვილის შესახებ ინფორმაცია არის ასახული.

მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელო, „დიოგენე“

 

მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელო, „ლოგოს პრესი“