რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად კიევში „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი დაიღუპა

პუბლიკა

„რადიო თავისუფლების“ უკრაინული სამსახურის ჟურნალისტი და პროდიუსერი ვერა გირიჩი კიევში რუსეთის სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა.

რუსული არმიის მიერ ნასროლი რაკეტა გუშინ ვერა გირიჩის საცხოვრებელ სახლს მოხვდა. რაკეტამ 25-სართულიანი შენობის პირველი და მეორე სართულები ნაწილობრივ გაანადგურა.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, დაღუპული ჟურნალისტი დღეს შენობის ნანგრევებში იპოვეს. თავდასხმის შედეგად დაშავებული 4 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ვერა გირიჩი წამყვან უკრაინულ ტელევიზიებში მუშაობდა, 2018 წლის 1 თებერვლიდან კი „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი გახდა.