რუსულნომრიან ესკორტს მოძრაობის წესის დარღვევისთვის ჯამში 7400 ლარზე მეტის 43 ჯარიმა აქვს გამოწერილი

პუბლიკა

გასულ დღეებში სოციალურ ქსელებში გამოჩნდა მოქალაქეების მიერ გადაღებული ფოტო- და ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სავარაუდოდ საქართველოში, სხვადასხვა ადგილას, რუსულნომრებიანი მანქანების ესკორტი გადაადგილდებოდა.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებით იდენტიფიცირებადია მანქანის ნომრები. nomerogram.ru-ს ვებგვერდზე ატვირთულია ამ მანქანების ფოტო, რომელიც 2 ივნისით თარიღდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პორტალზე  საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე სიჩქარის გადაჭარბებისთვის მათი 43 ჯარიმა იძებნება, რომლის ჯამური მოცულობა 7400 ლარზე მეტს შეადგენს.

ვებგვერდზე ასახული ჯარიმები 22 მაისს, 26 მაისს და 3 ივნისსა გამოწერილი. და თითოეულ მანქანას 10-მდე დარღვევა აქვს.

ჯარიმების დეტალების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ ისინი გამოწერილია თბილისში,  თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთზე, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთზე, ლანჩხუთთან, ნიგოითთან და კვლავ თბილისი-სენაკი ლესელიძის მაგისტრალზე.

ქვემოთ მოცემულია იმ მანქანის ერთ-ერთი ჯარიმა, რომლის ნომერი ემთხვევა ჩეჩენი ბიზნესმენის ასლანბეკ ახმეტხანოვ სულთანოვიჩის instagram-გვერდზე ატვირთულ ვიდეოში ასახულ მანქანას.

რუსულნომრიანი მანქანების ესკორტის გამოჩენაზე ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი საზღვარზე შემოვიდოდნენ იმ შემთხვევაში, თუ არ არიან ძებნილები ან არ აქვთ დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი.