გარემოს ერვონული სააგენტოს ცნობით, 27 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გორაკ-ბორცვიან ზონებში შესაძლებელია მეწყრული პროცესების განვითარება.
სააგენტოს ცნობით, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ნარჩუნდება ზვავსაშიშროება.
„დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა (საფრთხის დონე მაღალი)“ – წერია განცხადებაში.
დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა გურიაში, აჭარასა და იმერეთში. სოფლების ნაწილი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მოსახლეობის ნაწილს არ აქვს ელექტროენერგია.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში ერთი ადამიანი გაყინული იპოვეს. ის სახლის ჭიშკართან მეზობელმა ნახა. გარდა ამისა, რწმუნებულის განცხადებით, ოზურგეთის სოფელ კონჭკათში უბედური შემთხვევის შედეგად კაცი გარდაიცვალა.