„უკვე მეორე წელია, ვითხოვ ნებართვას და პასუხია, რომ „რადგან შენ აკრიტიკებ ჩვენს პოლიტიკას, შენ ვერ მიიღებ ნებართვას”, – ამის შესახებ არქეოლოგმა გიორგი ბიძინაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას” ეთერში ისაუბრა.
საუბარია ოროზმანის ძეგლზე, სადაც 2022 წლის სექტემბერში უძველესი ადამიანის კბილი აღმოაჩინეს. გიორგი ბიძინაშვილმა ოროზმანის არქეოლოგიურ ძეგლზე გათხრების ნებართვისთვის სააგენტოს 2023 წლის 29 მაისს მიმართა, თუმცა ნებართვას ის ამ დრომდე ვერ იღებს. „პუბლიკა” ამის შესახებ გასულ წელსაც წერდა.
„ინგრევა, მალე აღარაფერი იქ აღარ იქნება. ადამიანის ფენაა დაზიანებული… ერთი კუბი მიწაა ჩამოშლილი, თავისი ასეულობით ძვლებით, ის ფენა ზუსტად, სადაც იყო კბილი… იქ არის კიდევ მგელი, რაც დედამიწაზე არსად არაა – ასე ერთიანად შემორჩენილი ჩონჩხი.
პრეზენტაცია მქონდა ფინეთის მეცნიერებათა აკადემიაში ორი თვის წინ, გაგიჟდნენ მეცნიერები – ამ ასაკის მთლიანი ნამარხი არ გვაქვს ჩვენ და შენ გაქვს და ვერ იღებო?! ლპება შეიძლება, ის უკვე მტვრად არის ქცეული.
და ეს უბრალოდ იმიტომ, რომ ჩვენ და ჩვენი კოლეგები ვაკრიტიკებთ გელათში რომ წყალი ჩადის… მთელ კულტურულ პოლიტიკას და არამარტო მას. ამის გამო იჩაგრება ძეგლი, ამის გამო დაიჩაგრა გელათი, დაიჩაგრა ჯვარი, ახლა კი მიდგნენ კაცობრიობის პირველი ნაბიჯების ამსახველ ძეგლს და ისიც დაინგრევა და არ ვიცი….”, – განაცხადა ბიძინაშვილმა გადაცემაში.
ნებართვას ასევე ვერ იღებს არქეოლოგი ნიკოლოზ წიქარიძე. ის უფლებას ცუცხვათის მღვიმურ სისტემაში ითხოვს. წიქარიძის ხელმძღვანელობით ცუცხვათის მღვიმურ სისტემაში არქეოლოგიური გათხრები 2017 წელს განახლდა და 2020 წლამდე შეუფერხებლად მიმდინარეობდა.
რას ამბობს კულტურული მემკვირდრეობის დაცვის სააგენტო
სააგენტო დღეს, 23 ივლისს განცხადებით გამოეხმარა ოროზმანში გათხრების საკითხს; უარყო ინფორმაცია, რომ სააგენტო არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვას არ გასცემს.
ამავე განცხადებაში სააგენტო აღნიშნავს იმასაც, რომ ოროზმანში თავად გეგმავს არქეოლოგიური სამუშაოების დაწყებას.
„დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ოროზმანში მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელზეც არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება სურს მოქალაქე გიორგი ბიძინაშვილს, სახელმწიფომ სარგებლობის უფლებით გადასცა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და სწორედ სააგენტო გეგმავს იქ არქეოლოგიური სამუშაოების დაწყებას.
ამასთან, სოფელ ქვემო ოროზმანის ტერიტორიაზე 2021-2022 წელს არქეოლოგიური კვლევა-ძიების ჩასატარებლად საჭირო მიწის სამუშაოების დასაწყებად გაცემულია რამდენიმე ნებართვა, მათ შორის – თავად გიორგი ბიძინაშვილის სახელზე, ხოლო 2023 წელს, მას შემდეგ, რაც ზემოაღნიშნული ტერიტორია სახელმწიფოსგან სარგებლობის უფლებით გადაეცა სააგენტოს, ორგანიზაციამ თავად დაგეგმა აქ არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება, რაც მისი ერთ-ერთი ფუნქცია და უფლებამოსილებაა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.