თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ „რძე და რძის პროდუქტები, რომელიც მიეწოდება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს, სრულად შეესაბამება სახელმწიფოს მიერ დადგენილ ყველა სტანდარტს.“
„თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში, პროდუქტის მიწოდებიდან მომზადების ჩათვლით, კვების პროცესის სრული კონტროლი სისტემატურად ხორციელდება. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ხელმძღვანელობს იმ ტექნიკური დადგენილებებითა და რეგულაციებით, რაც სახელმწიფო სტანდარტებით არის განსაზღვრული. ბაღებში 60-მდე სახეობის საკვები პროდუქტი შედის და ყველა ტექნიკური მოთხოვნა, რაც ვრცელდება საბავშვო ბაღებზე, თითოეული დაწესებულების მიერ არის ზედმიწევნით დაცული.“
სააგენტო ლაბორატორიული ანალიზის შედეგის დასკვნასაც ავრცელებს.
გუშინ, 3 აპრილს, სურსათის ეროვნული სააგენტომ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოს” მიერ აზერბაიჯანში წარმოებული რძის 5 ნიმუშის გამოკვლევის შედეგად, აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა. სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ გამოიყენოს აღნიშნული რძე.
კერძოდ:
- სასმელი რძე საბავშვო, ულტრაპასტერიზებული – 2,5% ცხიმიანობით – დამზადების თარიღი: 04.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 03.08.2025;
- სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 1,5% ცხიმიანობით – დამზადების თარიღი: 12.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 11.08.2025;
- სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 1,5% ცხიმიანობით – დამზადების თარიღი: 10.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 09.08.2025;
- სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 2,5% ცხიმიანობით – დამზადების თარიღი: 09.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 08.08.2025;
- სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 3,2% ცხიმიანობით – დამზადების თარიღი: 02.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 01.08.2025.
შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ დაევალა დასახელებული სურსათის პარტიების სარეალიზაციო ქსელიდან ამოღება/გამოთხოვა.
აფლატოქსინი წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან. აფლატოქსინ B1-ით დაბინძურებული საკვები ხვდება ცხოველის ორგანიზმში, საიდანაც გადადის რძეში და გარდაიქმნება M1 აფლატოქსინად, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.