სააგენტო: უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 258 ფაქტი გამოვავლინეთ

პუბლიკა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმანობის რეგულირების სააგენტოს ცნობით,  მიმდინარე წელს 62 აფთიაქში უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 258 ფაქტი გამოავლინეს.

სააგენტომ ინსპექტირების შედეგად დაადგინა, რომ ფარმაცევტული დაწესებულებები უნებართვოდ და ურეცეპტოდ ყიდდნენ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს.

რეგულირების სააგენტომ, გატარებული ღონისძიებების შედეგად, ავტორიზებული აფთიაქებიდან 11 341 684 ერთეული ფსიქოტროპული მედიკამენტის ურეცეპტოდ რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა.

ამასთან, სააგენტომ 97 753 ერთეული მედიკამენტი ამოიღო იმ აფთიაქებიდან, რომლებსაც ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციის ნებართვა არ გააჩნიათ.

სააგენტოს განცხადებით, გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და გადაეგზავნა სასამართლოს.

გარდა ამისა, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, 14 ავტორიზებული აფთიაქიდან 8-ს ნებართვა გაუუქმა, 12 ფარმაცევტს კი საქმიაობის უფლება 3 წლით შეუჩერა.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს თქმით, აღნიშნული უკანონო ფარმაცევტული საქმიანობები, დარღვევის სიმძიმის მიხედვით, 6000-დან 16000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

სააგენტოს ინფორმაციით, კანონდარღვევის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურს გადაუგზავნა.