სააგენტოს თანხმობის გარეშე ლიცენზიას ვერ გაყიდის, ასეთი განცხადება კი ჩვენთან არ შემოსულა - მინისტრი ხიდაშელზე

პუბლიკა

გარემოს დაცვის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ რაჭის ტყეების ლიცენზიის გაუქმების პროცესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მიმდინარეობს წარმოება ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადებაზე და შიშები იმაზე, რომ მფლობელი კომპანია მას ვინმეს აჩუქებს ან მიჰყიდის, არაჯეროვანია.

მისივე თქმით, გარემოს ეროვნული სააგენტოს თანხმობის გარეშე ლიცენზიის გაყიდვა ვერ მოხდება. მანვე აღნიშნა, რომ ასეთი განცხადება სამინისტროში არ შემოსულა.

„არის ეს საკითხიც, რომ თითქოს გაიყიდა არსებული ლიცენზია. და აქედან გამომდინარე გარკვეული უნდობლობაა, რომ თითქოს „ჩვენ სხვანაირად გვეუბნებიან”…

რა თქმა უნდა, ეს ასე არაა. ლიცენზიის გაყიდვა კანონმდებლობით ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოხდება გარემოს ეროვნული სააგენტოს თანხმობის გარეშე. ანუ სხვა კომპანიაზე გაყიდვა თუ გაჩუქება ვერ მოხდება გარემოს ეროვნული სააგენტოს გარეშე.

ლიცენზიას ვერცერთ შემთხვევაში გარემოს სააგენტოს თანხმობის გარეშე ვერ გაყიდის, ასეთი განცხადება ჩვენთან არ შემოსულა. და ამ სიტუაციაში ნამდვილად ვფიქრობ, რომ არალოგიკურია საუბარი იმაზე, რომ ლიცენზიის ან სხვაზე გადაცემა მოხდეს ან გაყიდვა მოხდეს, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადებაზე.

ვის ხელშიც არ უნდა იყოს ის, თუ ის ძალადაკარგულად გამოცხადდა, ამას არანაირი დატვირთვა [აღარ ექნება]. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ და განვიხილავთ, მიდის პროცესი ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადებაზე და როგორ შეიძლება ახლა სააგენტომ იმსჯელოს ამ ლიცენზიის სხვაზე გადაცემასთან დაკავშირებით, ეს, მგონი. არალოგიკურია”, – განაცხადა შამუგიამ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე: პროტესტის მონაწილეების თქმით, შესაძლოა, ახალმა მფლობელმა მოითხოვოს დამატებითი დრო საინვესტიციო ვალდებულების შესასრულებლად… მინისტრი აცხადებს:

„როგორც თქვენ მოისმინეთ, ისე… სხვა ინფორმაცია მე ნამდვილად არ მაქვს, რაც თქვენ მოუსმინეთ კომპანიის გაყიდვასთან დაკავშირებით, იგივე მოვისმინე მე. კომპანიის წილის გაყიდვაზე თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, კომპანიის მფლობელი, ამაში ჩვენ ნამდვილად ვერ შევალთ, თუმცა ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ლიცენზიის არა ვინმეზე გადაცემაზე, არამედ ძალადაკარგულად გამოცხადებაზე”, – განაცხადა შამუგიამ.


კომპანიის „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკამ” გასულ კვირას გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ დავით ხიდაშელი საქართველოს სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადის.

მათივე თქმით, ხიდაშელმა რაჭის ტყეების სამონადირეო ლიცენზია და კომპანია გაყიდა „ანუ ხელშეკრულება უკვე ფორმდება და უახლოეს ერთ კვირაში ცნობილი გახდება, რომ რაჭის ტყეების ლიცენზიის ერთ-ერთი მონაწილე ესპანეთის სამონადირეო მეურნეობებთანაა დაკავშირებული; მეწილე ასევე გახდება სხვა ქართული კომპანიაც”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.