სააკაშვილი ამბობს, რომ „რუსულ დივერსიულ ჯგუფებზე“ განცხადების შემდეგ სუს-მა მოსთხოვა ჩვენება

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ საქართველოში რუსული დივერსიული ჯგუფების შემოსვლის შესახებ სასამართლოზე გაკეთებული განცხადების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მას ჩვენების მიცემა მოსთხოვა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში სააკაშვილი წერს, რომ მან ჩვნების მიცემაზე უარი თქვა, რადგან „უსამართლო და უკანონო პატიმრობაში იმყოფება „ეფ-ეს-ბეს“ აგენტის, ოთარ ფარცხალაძის მიერ აღძრული საქმეებით“.

„მე ჩემი ინფორმაცია გამოვაცხადე იმისათვის, რომ საზოგადოება იყოს ყურადღებით, ჩვენ არ ვართ დიდი ქვეყანა, ყველა საეჭვო ჯგუფი შეგვიძლია აღვრიცხოთ და როცა ისინი აქტიურ მოქმედებაზე გადავლენ, საზოგადოებრივი აქტიურობით მოვახდინოთ მათი ბლოკირება და განეიტრალება. დგება მომენტები, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებამ საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხები თავის ხელში უნდა აიღოს და მაშინ შესაძლებელი გახდება ძალების გაერთიანება, მათ შორის, სამართალდამცავ ორგანოებში შემორჩენილ პატიოსან პატრიოტებთან და ქვეყნისა და საკუთარი თავის გადარჩენა.

დღევანდელი „ეფ-ეს-ბეს“ ფილიალთან ყოველგვარ თანამშრომლობაზე კი, უარს ვამბობ“, – წერს ის.

„პუბლიკა“ ინფორმაციის სუს-თან გადამოწმებას ცდილობს. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.


„იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ კარგ ფორმაში, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ შემოსული რუსების მიმართ, მე მინდა შევქმნათ სამოქალაქო თავდაცვისთვის ცხელი ხაზი, სადაც ხალხი დაგვირეკავს და შეგვატყობინებს იმის თაობაზე, რომ ანტიქართული გამოსვლებია, მათ შორის ჩემი ინფორმაციით, არის დივერსიული ჯგუფი შემოსული, რომელსაც ევალება არეულობის პირობებში აქ ხელისუფლების ხელში აღება და დესტაბილიზაცია, ამიტომ ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ყველა საეჭვო მოძრაობას, ყველა საეჭვო სპორტული აღნაგობის პირს, რომელიც არის ამ ხალხს შორის“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 30 ოქტომბერს სასამართლო სხდომაზე.