სააკაშვილი: ბოდიშს გიხდით, მაგრამ შეცდომები და გადაცდომები ერთია და დანაშაული მეორე

პუბლიკა

საქალაქო სასამართლოზე მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით მიმართა საზოგადოებას. მისი თქმით, საკმარისზე მეტი შეცდომა დაუშვა მთავრობაში ყოფნის პერიოდში, „მაგრამ შეცდომები და გადაცდომები ერთია და დანაშაული მეორე,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

„საკმარისზე მეტი შეცდომა მქონდა. ბევრი ისეთი შეცდომა, რომელსაც ძალიან მწარედ ვნანობ. პირველ რიგში ჩემი შეცდომაა ეს სასამართლო. შეცდომა, რომ ჩვენ ვერ შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო, შეეხო ძალიან ბევრ ჩემს თანამონაწილეს და ახლა მეხება მეც და ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ეს შეეხო. ისევე, როგორც ყველა სხვა შეცდომა, რომელიც უნებურად თქვენ შეგეხოთ. ბოდიშს გიხდით კიდევ ერთხელ, მაგრამ შეცდომები და გადაცდომები ერთია და დანაშაული მეორე.

მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი. მინდა, ყველა ქართველმა ეს იცოდეს. საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი არ შეიძლება, ყოფილიყო დამნაშავე, რადგან დამნაშავეები სახელმწიფოებს კი არ აფუძნებენ, არამედ ანგრევენ, ამის კლასიკურ მაგალითს ხედავთ, როდესაც ბანდიტების ხელშია ახლა საქართველო“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სააკაშვილის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური შეხლა-შემოხლა, რომლის დროსაც დააკავეს გიგი უგულავა და აქციის რამდენიმე მონაწილე.

LB loan image desktop LB loan image mobile