სააკაშვილი: ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია ტელევიზიითა და სოცქსელებში ურთიერთობის გარკვევა

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ ხვალ ჩანიშნულ ყრილობასთან დაკავშირებით პარტიის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერს, რომ ყრილობაზე უნდა აირჩიონ დროებითი მმართველი ორგანოები და შეიქმნება რეფორმების ბორდიც.

სააკაშვილის თქმით, ბორდს სათავეში თავად ჩაუდგება, აღმასრულებელი მდივანი კი ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება. ის ასევე წერს, რომ დროებითი მმართველობა 6 თვე გაგრძელდება, რეფორმების ბორდის საბოლოო რეკომენდაციებამდე და ამ ორგანოებში წარმოდგენილი უნდა იყოს პარტიის დღევანდელი ლიდერები სრული შემადგენლობით, „მიუხედავად კამათისა და ერთმანეთის მიმართ პიროვნული დამოკიდებულებებისა“.

„ხალხი ჩვენგან არა პირად ემოციებს, არამედ საქმის კეთებას ელის. ამიტომ ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია ტელევიზიით და სოცქსელებით ურთიერთობის გარკვევა. ავიღოთ ყველამ მაგალითი ლევან ხაბეიშვილისგან, რომელიც პირადზე მაღლა, ყოველთვის საერთო ბრძოლის ინტერესებს აყენებს. აი ასეთი უნდა იყოს ნამდვილი პატრიოტი და პოლიტიკოსი.

„ნაციონალური მოძრაობა“ ჩემი, ლევანის, სხვა გამოცდილი მებრძოლების ლიდერობით და ნანუკას დაუღალავი ენერგიისა და იდეების დახმარებით (ბევრ რამეში ის ჩემს ადრეულ თავს მაგონებს) მოკლე ხანში ისევ განიმტკიცებს ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ძალის სტატუსს და მიიყვანს საქართველოს გამარჯვებამდე“, – წერს სააკაშვილი.


„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თინა ბოკუჩავა პოლიტსაბჭოს სხდომას, რომელიც 30 ივლისს გაიმართა, ეჭვქვეშ აყენებს და ამბობს, რომ სხდომაზე კვორუმი არ იყო, შესაბამისად, სხდომას გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება არ ჰქონდა.

პოლიტსაბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ ესწრებოდა. მისი ინფორმაციით, ასევე არ ესწრებოდნენ მისი მოადგილეები და „ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონული ლიდერები“.

ბოკუჩავას თქმით, ის ოჯახთან ერთად ისვენებს და ამაზე პარტიასთან კომუნიკაცია დიდი ხნით ადრე ჰქონდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი TV პირველს ეუბნება, რომ თინა ბოკუჩავა არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.

მისი თქმით, პოლიტსაბჭოში არა 130, არამედ 119 ადამიანია და კვორუმი იყო.

ცისკარიშვილის თქმით, ყრილობას აგვისტოში იმიტომ ატარებენ, რომ თინა ბოკუჩავამ თბილისში დაბრუნება მოახერხოს.

17 ივნისს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობისთვის მისი კანდიდატი ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანია.

სააკაშვილის ეს განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა პარტიის მოქმედი თავმჯდომარისთვის, თინა ბოკუჩავასთვის. მისი თქმით, ჟორჟოლიანის დასახელებამდე მან სააკაშვილისგან მხარდაჭერა მიიღო და ამისთვის მადლობაც გადაუხადა.

ნანუკა ჟორჟოლიანმა 31 ივლისს განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობას არ განიხილავს.

თინა ბოკუჩავას თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა 8 ივლისს ამოეწურა.

პარტიის ყრილობა 5 აგვისტოს, 15:00-ზე ჩატარდება.

არსებული ინფორმაციით, ყრილობაზე აირჩევენ პარტიის დროებით თავმჯდომარეს, ასევე შეიქმნება საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც 6-თვიან გარდამავალ პერიოდში პარტიაში გასატარებელ რეფორმებზე იმუშავებს, ასევე შეიქმნება „რეფორმატორების საბჭო“.