სააკაშვილი: დოკუმენტირებული ფაქტების შემდეგ საერთაშორისო პრაქტიკით დაუყოვნებლივ უნდა გავთავისუფლდე

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დღეს სასამართლო პროცესს პირველად დაესწრო, სოციალურ ქსელში წერს, რომ მადლობელია შესაძლებლობისთვის, მიემართა ხალხისთვის.

„დღეს, მადლობელი ვარ შესაძლებლობისთვის, მიმემართა ჩვენი ხალხისთვის. ყველამ იცის, რომ საქმეები ჩემს წინააღმდეგ შეთითხნილია და მე ციხეში არ უნდა ვიჯდე და კარგად დოკუმენტირებული ფაქტების შემდეგ საერთაშორისო პრაქტიკით დაუყოვნებლივ უნდა გავთავისუფლდე.

დღის ანეკდოტი კი ისაა, რომ სანამ მიტინგის დარბევის ბრალდებით მასამართლებდნენ, „ქართული ოცნება” დიდი აზარტით არბევდა სასამართლოსთან მიტინგს და სრულიად უსამართლოდ აპატიმრებდა მონაწილეებს, მათ შორის, ჩემს მეგობარ გიგი უგულავას, რომელსაც მხოლოდ რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს მარნეულში.

რაც არ უნდა ქნას „ოცნებამ”, დღეს, უკვე პირისპირ ჩავხედე თვალებში მათ შიშს და გარდაუვალ დამარცხებას. ეჭვი არ მეპარება, ქართველი ხალხი მალე დაასრულებს ივანიშვილის რეჟიმს! დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, არც ერთი ნაბიჯი უკან!“, – წერს სააკაშვილი.

დღეს, 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე განხილვა გაიმართა, რომელსაც ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი დაესწრო. მოსამართლეთა კოლეგიამ მას ნება დართო, სხდომაზე ესაუბრა. სააკაშვილი საათზე მეტხნიან გამოსვლაში შეეხო თავის ბრალდებებს, საქართველოში ჩამოსვლისა და ციხეში ყოფნის თემებს.

სააკაშვილის პოზიციაა, რომ სურს, დაესწროს 2 ოქტომბერს ე.წ. პიჯაკების საქმის პროცესსაც.