სააკაშვილი ენმ-ს: გთავაზობთ, შემოვიღოთ გადაწყვეტილების მიღების ახალი მეთოდი - ელექტრონულად და კენჭისყრით

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ სთავაზობს, პარტიამ შემოიღოს გადაწყვეტილების მიღების სრულიად ახალი მეთოდი – ყველა ძირითადი გადაწყვეტილების მიღება ელექტრონულად და კენჭისყრით.

სააკაშვილის თქმით, „პარტია არ შეიძლება იმართებოდეს ჩემი წერილებით ან ვიწრო, თუნდაც ძალიან ნიჭიერი ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით“ და საჭიროა გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ამომრჩევლებთან, პარტიის ლიდერებთან და მასთან კონსულტაციის შედეგად პარიტეტის პრინციპით.

„ახლა, როცა აღარც არჩევნები ტარდება და რეპრესიებიც სულ უფრო ფართოვდება, პოლიტიკური პარტიების როლი მთლიანად იცვლება. მათ შორის, ახლებურად უნდა გავიაზროთ ჩვენი პარტიის ფუნქცია და ბრძოლის მეთოდები. ჩვენ კლასიკური პოლიტიკური პარტიიდან უნდა გარდავიქმნათ წინააღმდეგობის მოძრაობად და ამ მოძრაობის მთავარი ამოცანაა დიქტატურის დამარცხება და დემოკრატიის დაბრუნება. ამავე დროს, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ დიქტატურა ახლა მიმართულია ჩვენი პარტიის პოლიტიკური ბრძოლის ველიდან მთლიანად მოშორებაზე და ამის შესაძლებლობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ.

რა თქმა უნდა, ჩვენს ერთ-ერთ მთავარ მიზნად როგორც აქამდე, რჩება მთელი პოლიტიკური სპექტრის გაერთიანება, მაგრამ ამის პარალელურად თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით უნდა შეიცვალოს გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები. ადამიანებმა უნდა იგრძნონ, რომ ეს არის მათი პარტია, მათი პოლიტიკური სახლი, სადაც თვითონ არიან ბატონ-პატრონი.

პარტია არ შეიძლება იმართებოდეს ჩემი წერილებით ან ვიწრო, თუნდაც ძალიან ნიჭიერი ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით. ჩვენ საქართველოში ყოველთვის ნოვატორები ვიყავით და ახლაც გთავაზობთ, რომ შემოვიღოთ გადაწყვეტილების მიღების სრულიად ახალი მეთოდი – ყველა ძირითადი გადაწყვეტილების მიღება ელექტრონულად და კენჭისყრით. გადაწყვეტილების მიღება მოხდება ჩვენს ამომრჩევლებთან, პარტიის ლიდერშიპთან და ჩემთან კონსულტაციის შედეგად პარიტეტის პრინციპით“, – წერს სააკაშვილი.

მისი თქმით, ასეთი გზით მიიღებენ გადაწყვეტილებებს პროტესტის ფორმებზე, არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობაზე თავისუფალი არჩევნების მიღწევის შემდეგ, საარჩევნო სიებზე, სხვა პარტიებთან პოლიტიკურ ალიანსებზე და შიდა საკადრო საკითხებიც მხოლოდ ელექტრონული კენჭისყრით გადაწყდება.

„ამ სისტემით ხდება პარტიის მხარდამჭერების ინსტიტუციონალიზაცია. ეს იქნება მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენი რეგისტრირებული თანამემამულეები, რომლებიც გადაიხდიან სიმბოლურ საწევრო გადასახადს, მუდმივად მიიღებენ პარტიისგან ინფორმაციას და გაგვიზიარებენ თავის იდეებს. ამავე დროს პარტიის წევრები რჩებიან განსაკუთრებულ მდგომარეობაში, ვინაიდან ისინი გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას იღებენ, როგორც უშუალოდ თვითონ, ასევე მათ მიერ არჩეული პარტიის მმართველი ორგანოების მეშვეობით.

ბოლო წლებში პარტიაში მივიდა ახალგაზრდების ძალიან იდეალისტური და ბრძოლისუნარიანი ჯგუფი, რომელიც სულ უფრო განიმტკიცებს თავის პოზიციებს, როგორც პარტიის მართვაში, ასევე საქართველოს მომავალ ხელისუფლებაში. ამავე დროს ენმ-ს ჰყავს მთელი არმია ძველი გამობრძმედილი მებრძოლების, რომელთაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს ყველაზე წარმატებულ 9 წლიან პერიოდში საქართველოს ისტორიაში და რომლის კისერზეც წისქვილის ქვასავით გადაიარა რუსული საოკუპაციო რეჟიმის მმართველობამ და ის, რომ ეს ხალხი რჩება პარტიაში, მათ ნამდვილ გმირობაზე მიუთითებს. ამ ხალხს განსაკუთრებული დაფასება და პატივისცემა ეკუთვნის და მათი გამოცდილება ფასდაუდებელია საქართველოს ხელახლა გადარჩენის საქმეში.

საქართველოს შემდგომი არსებობაც კი ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამიტომ ახლა დაღლის და ხელების ჩამოშვების კი არა, მობილიზაციის და შეტევის დროა.

და კიდევ, ორგანიზაციული საკითხები: პარტიის გადაწყვეტილების მიმღები ახალი მექანიზმების, ელექტრონული აპლიკაციის შესაქმნელად ვთხოვ თიკა ბოკუჩავას, ლევან ხაბეიშვილს, გიორგი ბარამიძეს, ირაკლი ფავლენიშვილსა და ლევან სანიკიძეს წინადადებები ჩამოაყალიბონ და ამ რეფორმის  ფორმალიზება მოვახდინოთ პარტიის წესდებაში შეტანით.

რა თქმა უნდა, ჩემი თხოვნაა, რომ ეს წინადადებები დეტალურად განვიხილოთ პარტიის აქტივთან და მათი მოსაზრებების გათვალისწინებით მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება.  ასევე აუცილებლად საჭიროა პარტიის ადეკვატური ფუნქციონალური ოფისის ამუშავება, რათა ადამიანებს ჰქონდეთ შეხვედრების და ურთიერთქმედებების მუდმივი ლოკაცია“, – ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში.