სააკაშვილი ისე ამბობს უარს პლებისციტზე, თითქოს ვინმე ეხვეწებოდეს - მდინარაძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა პარლამენტში ბრიფინგი გამართა, სადაც ოპოზიციასთან მოლაპარაკებების პროცესზე ისაუბრა.

მისი თქმით, შარლ მიშელის ორგანიზებით შეხვედრაზე დაისვა საკითხები, რომელთა ნაწილზე მუშაობა უკვე დაწყებულია; ნაწილის განხილვა შესაძლებელია, თუმცა არის საკითხები, რომელთა განხილვაც წარმოუდგენელია.

მისი თქმით, პლებისციტის გამართვის შესაძლებლობას „ქართული ოცნება“ არ უშვებს და რიგგარეშე არჩევნებზე დათანხმდება იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგებში ოპოზიცია „ქართლი ოცნების“ სასარგებლოდ 1%-იან გადახრას დაადასტურებს.

„მიუხედავად მათი განცხადებებისა, ოპოზიციისგან არცერთი ნაბიჯი არ გვინახავს. ჩვენ ველოდებით, რომ უახლოეს დღეებში ისინი ჩამოყალიბდებიან გარკვეულ საკითხებზე, რაც მათი მხრიდანაც ჩაითვლება კომპრომისად. ოპოზიციაში თავად არის განხეთქილება პლებისციტის საკითხთან დაკავშირებით, თუმცა მათი ერთ-ერთი ლიდერი ისე ამბობს უარს პლებისციტზე, თითქოს ვინმე აქედან ეხვეწებოდეს. არ შეიძლება პლებისციტით მოსახლეობის გამოხატული ნების რევიზია მოახდინო.

თანახმა არ ვარ კი არა, არც განიხილება პლებისციტი. როგორც რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება ერთადერთი შემთხვევის და დათქმის გარეშე, რომ თუ 1%-იანი ცდომილებას ნახავენ, რიგგარეშე არჩევნებზე ვართ თანახმა. კომპილაციური დოკუმენტი, რომელიც არსებობს, რომელიც დაიდო საორგანიზაციო მოლაპარაკების დროს, იქ არის მოტანილი საკითხები, რომლებსაც ძირითადად ოპოზიცია აყენებდა.

იმ საკითხებიდან ზოგზე შეიძლება მსჯელობა, ზოგზე არათუ მსჯელობა ქმედითი ნაბიჯებია გადადგმული და არის საკითხები, რომელიც არც განიხილება. არცერთი ნაბიჯი, არცერთი სიტყვა არ მოგვისმენია ოპოზიციისგან, რა კომპრომისზე მოდიან ისინი. ერთადერთი რაც თქვეს, პლებისციტი ეს ლოგიკასთანაც არაა ახლოს. ამას ფორმალური თვალსაზრისით აყენებენ. რიგგარეშეზე მივყვებით თუ 1%-იან ცდომილებას ნახავენ შედეგებში. ნებისმიერი პრაგმატული წინადადების შემთხვევაში მივაღწევთ შეთანხმებას – მათ ასეთი წინადადება ჯერჯერობით არ უთქვამთ. დღესაც ვეპატიჟებით მაგიდასთან და ვთხოვთ, მივიღოთ პრაგმატული და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. ეს უნდა იყოს ახლო მომავალში. რამდენიმე დღეში ველოდებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.