არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტის მოდელზე - სააკაშვილი

პუბლიკა

ჩემი პირადი აზრია, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტის მოდელზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, უახლოეს პერიოდში უნდა მოხდეს ნიკა მელიას უპირობო გათავისუფლება ყოველგვარი მანიპულაციების გარეშე.

„დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილს მოუწევს უახლოეს პერიოდში ნიკა მელიას გათავისუფლება, ისევე როგორც რამდენიმე პოლიტპატიმრის, რადგან თუ ამას არ იზამს, ზუსტად ვიცი, რომ მას წინ დაუდეს სანქციების პირდაპირი მუქარა. მისი ქონების უმეტესი ნაწილი იქნება პრაქტიკულად გაყინული და ჩამორთმეული, მის მიმართ მიღებული იქნება სხვა ზომები. ამიტომ უახლოესი კვირების, დღეების განმავლობაში ველოდებით ნიკა მელიას უპირობო გათავისუფლებას ყოველგვარი მანიპულაციების გარეშე.

ჩემი პირადი აზრია, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტის მოდელზე, რომელსაც თავს გვახვევს ივანიშვილი. პლებისციტის თემა არის ის თემა, რომ მას უნდა ადგილობრივ არჩევნებთან ერთად, სადაც ის დახარჯავს ბევრ ფულს, ბევრს მოისყიდის, ჩაატაროს პლებისციტი. რომც წააგოს ეს პლებისციტი, მერე ექნება კიდევ რამდენიმე თვე და ის ისევ აუცილებლად წააგებს პლებისციტს, რათა მოისყიდოს, დააშინოს, დაიჭიროს და ქვეყნიდან გაყაროს ასობით ათასი ადამიანი, აქტიური ამომრჩეველი. ამასობაში ქვეყანა კარგავს კიდევ ერთ წელიწადს და ჩვენ არ გვაქვს არცერთი დღე დასაკარგი. ძალიან მძიმე სიტუაციაა, უმძიმეს ეკონომიკურ ვითარებაში ვიმყოფებით, ქვეყანა არის შიმშილის პირობებში. კოვიდზე კატასტროფა მოუვიდათ. ლამის ბოლო ქვეყანა დავრჩით, სადაც ვაქცინა არ არის შემოტანილი. ამ სიტუაციაში დროის დაკარგვა აღარ შეიძლება და არც უნდა მივცეთ ამის საშუალება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიას განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრაზე პლებისციტის საკითხზეც იყო საუბარი. ბოკერიას თქმით, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პლებისციტი მათი მხრიდან კომპრომისული წინადადებაა.

„სულ რომ ვიღაც ობიექტურად ფიქრობდეს, რომ არჩევნებზე სერიოზული ხარვეზები იყო, ასეთ საკითხებზე პლებისციტი, როგორც წესი, არ ტარდება“, – ასე გამოეხმაურა რიგგარეშე არჩევნების თაობაზე პლებისციტის ჩატარების საკითხს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძე.