სააკაშვილი ხალხს ხვალ ზუგდიდში აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებს

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს და მოსახლეობას ხვალ, 9 ოქტომბერს ზუგდიდში დაგეგმილ აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებს.

„ივანიშვილის რეჟიმის მთავარი მიზანი, როგორც თავის დროზე მხედრიონისა, არის სამეგრელო. ის უკანონობა, რომელსაც ახლა ზუგდიდში სჩადიან და უკვე აპირებენ სენაკშიც და სხვაგანაც, არ უნდა შერჩეთ. მე მქონდა შესაძლებლობა, წინა დღეებში ჩამესუნთქა სამეგრელოს ჰაერი და ეს არის, შეუცდომლად შემიძლია ვთქვა, თავისუფლების ჰაერი. საქართველოს გათავისუფლება ისევ უნდა დაიწყოს სამეგრელოდან.

ხვალ ყველანი ხმების დასაცავად, ნიკა მელიას და პარტიის სხვა ლიდერების მეთაურობით. სოლიდარობა ანზორ მელიას და ჩვენს კანდიდატ ფიფიას, რომელმაც პირველ ტურში გაიმარჯვა და ახლა ართმევენ გამარჯვებას. სოლიდარობა ზუგდიდელებს.

ზუსტად ვიცი, რა შავი ფურცელია ჩვენს ისტორიაში, რომ პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას ვერ გავუფრთხილდით მთელი საქართველო. ასევე, ზუსტად ვიცი, რომ ეს აღარასდროს განმეორდება და ამას ჩვენ ერთად აღარ დავუშვებთ“, – ამბობს სააკაშვილი განცხადებაში, რომელიც მედიას ნიკა გვარამიამ გააცნო.


„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდში 9 ოქტომბერს საპროტესტო აქცია დააანონსა.

ზუგდიდში ნიკა მელიამ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ დარწმუნდა, რომ საკრებულოში უმრავლესობას ოპოზიცია მიიღებს, ხელახლა გადათვალეს და მაჟორიტარობის კანდიდატ მანუჩარ ფიფიას ხმები დააკლეს.