სააკაშვილი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ინსპექტორს, გაასაჯაროოს შუალედური დასკვნა და ვიდეოკადრები

პუბლიკა

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ლონდა თოლორაიას, რომ გამოაქვეყნოს სახელმწიფო ინსპექტორის ხელთ არსებული ყველა ვიდეოკადრი და შუალედური დასკვნა მის გამოძიებასთან დაკავშირებით.

„მინდა, მოვუწოდო ქალბატონ ლონდა თოლორაიას გამოაქვეყნოს მათ ხელთ არსებული ყველა ვიდეოკადრი და შუალედური დასკვნა გამოძიებასთან დაკავშირებით. მგონი, გესმით, რომ ამის შემდეგ არცერთი სახელმწიფო ორგანო აღარ ითანამშრომლებს – ვერ შედგება ვერც ექსპერტიზა და ვერც დამატებით კადრებს ვეღარ მიიღებთ, რაზეც უკვე ხმამაღლა განაცხადა სუსის მივლენილმა პირმა.

თქვენი ვალდებულებაა, სიმართლისა და ისტორიის წინაშე გააცნოთ საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას ის, რაც გაქვთ ხელთ, მაგრამ ყოველი დღის შემდეგ, ეს შესაძლებლობა გიმცირდებათ. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი ორგანოები უკვე კარგად აწარმოებენ მოლაპარაკებებს თქვენს თანამშრომლებთან.
ქალბატონო ლონდა, მე თქვენ არ გიცნობთ, მაგრამ მეც და თქვენც ახლა საერთო მოკავშირე გვყავს – ქართული საზოგადოება, რომელსაც თქვენ მიმართ დიდი სიმპათია გაუჩნდა. თქვენც, მეც და საზოგადოებაც დაინტერესებული ვართ სიმართლის დადგენით და ნუ გავუცრუებთ მათ იმედს!“, – ვკითხულობთ განცხადებაში.


მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მის საქმეზე დაწყებული გამოძიების გამო აუქმებენ, რადგან უწყებას მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ყველა ვიდეომასალა აქვს.