სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ჩემი წამების გამოძიების გამო უქმდება - სააკაშვილი

პუბლიკა

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამ სახით გაუქმებას და შესაძლო ორ ნაწილად გაყოფას ეხმაურება.

მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ინსპექტორის სამსახურს მის გამო დაწყებული გამოძიების გამო აუქმებენ, რადგან უწყებას აქვს მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე სრული ვიდეომასალა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება არსებული მიმდინარე გამოძიების, ჩემს მიმართ გამოყენებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო.

ასევე, იმისთვის, რომ ინსპექტორს ხელთ აქვს არა ის დამონტაჟებული კადრები, რომლებიც საკმაოდ შემაძრწუნებელი იყო მსოფლიოსთვის, (მაგრამ მათი აზრით ყველაზე რბილი ნაწილი იყო) არამედ სრული ვერსია, სადაც ბევრად უფრო სასტიკი მოპყრობაა ასახული.

სახელმწიფო ინსპექტორის მოსალოდნელი დასკვნა მყარ საფუძველს შექმნიდა სტრასბურგის სასამართლოს მიერ ჩემი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისთვის“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.


გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. მის ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.

შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადდა, ინიციირებისთვის მზად არის და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.