„ქართული ოცნება“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას გეგმავს

პუბლიკა

სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. მის ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.

შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადდა, ინიციირებისთვის მზად არის და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

პროექტით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ენიჭება, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს − პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის ფუნქცია და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია.

ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა – რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს.

2019 წლის 3 ივლისიდან სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილებას ლონდა თოლორაია ახორციელებს. სახელმწიფო ინსპექტორს 6 წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი.