სააკაშვილი მოშიმშილეებს მინერალური დანამატების რეგულარულად მიღებისკენ მოუწოდებს

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილმა თავისი გათვისუფლების მოთხოვნით შეკრებილ მოშიმშილეებს მოუწოდა, რომ მუდმივად იყვნენ სამედიცინო კონტროლის ქვეშ და მინერალური დანამატები მიიღონ.

„მოვუწოდებ ჩემს თანამებრძოლებს, მუდმივად იყვნენ სამედიცინო კონტროლის ქვეშ, მიიღონ მინერალური დანამატები რეგულარულად. სწორედ ამ მინერალური დანამატების დახმარებით, რაც არ არღვევს შიმშილობის პროტოკოლს, ტყვედ აყვანილმა ცნობილმა უკრაინელმა რეჟისორმა ანატოლი სენცოვმა 120 დღე გაძლო შიმშილობის რეჟიმში რუსეთის ციხეებში.

იმედია ჩვენ ამდენი დრო არ დაგვჭირდება, ვინაიდან გარდა შიმშილობისა, ქვეყანას მოედება სხვა საპროტესტო აქციები მთავრობის სრული გაღორების და ხალხის ასეთი ჩაგვრის და დაცინვის ფონზე. ძალიან დიდი უსამართლობის გამო, რომელიც ყოველდღიურად ეხება თითოეულ მოქალაქეს.

თქვენი თავგანწირვით აჩვენებთ, რომ მოლაპარაკე თავები კი არ ხართ, არამედ საკუთარ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რისკავთ უსამართლობის დასამარცხებლად. ასეთ თავგანწირვას დამარცხებული ჰყავს ბრიტანეთის და საბჭოთა იმპერიები და ერთი ბოროტი ოლიგარქი რაღა გახდა“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მან ასევე იმ ადამიანებს, ვისაც შიმშილობა პროტესტის „მარგინალური“ და „არაეფექტური“ ფორმად მიაჩნია, შეახსენა მაჰათმა განდის, ნელსონ მანდელასა და ანატოლი შარანშკის მაგალითები.


21 დეკემბრიდან ენმ-ის ოფისთან დაახლოებით 9 კარავია გაშლილი. ნიკა მელიას თქმით, 300-მდე ადამიანი შიმშილობს, მათ შორის, პარტიის ლიდერები – ნიკა მელია, გიორგი ბარამიძე, აკაკი მინაშვილი, გიორგი ბოტკოველი. შიმშილობის აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი არ შეწყვეტენ შიმშილობას მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.