სააკაშვილი: ქართული კლუბური კულტურა მსოფლიოს მასშტაბით, სახელგანთქმული პროდუქტია

პუბლიკა

ღამის კლუბებთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი და სოლიდარობას უცხადებს კლუბების კოლექტივს.

“ქართული კლუბური კულტურა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი მთავარი სახელგანთქმული პროდუქტია, რომლითაც ყველა ვამაყობთ.

მე გამიგია ძალიან ბევრი უკრაინელისგან, ევროპელისგან, ამერიკელისგან, რომ თბილისსა და ბათუმს აქვთ მსოფლიოში საუკეთესო ღამის კლუბები.

ისინი არიან თავისუფლების კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. ესე იგი, წინანდალში 500-კაციანი ქეიფი შეიძლება, ნაძვის ხესთან ათასობით ადამიანი დასაშვებია და კლუბები არა. გასაგებია, რომ მათ ხელოვნურად კლავენ ხან ერთი მიზეზით, ხან მეორეთი. კიევში თითქმის არ ჩაკეტილა კლუბები და ეპიდემიის დროს ახლებიც კი გაიხსნა და ბევრად ნაკლებია კოვიდით დაღუპულები, ვიდრე თბილისში.

ახლა ჩვენ ვკარგავთ პროფესიონალებს და ამ სფეროში ქართველებზე დიდი მოთხოვნაა უკრაინაშიც და ევროპაშიც. ჩემი სრული სოლიდარობა კლუბების კოლექტივებს. ერთი მაგარი კლუბიც უნდა გაიხსნას სუსის შენობაში მას შემდეგ, რაც სუსი გაუქმდება. გარწმუნებთ, არ ვხუმრობ და მალე გახდებით ამის მომსწრე!” – წერს სააკაშვილი.

აკრძალვის მიუხედავად გუშინ თბილისის რამდენიმე კლუბში ღონისძიებები გაიმართა. კლუბი “ბასიანი” ღონისძიებების გამართვის გამო დაჯარიმდა შრომის ინსპექციის მიერ.

შრომის ინსპექცია „ბასიანთან“ დასალუქად მივიდა და კლუბი 10 ათასი ლარით დააჯარიმა | მათ მისვლას კლუბთან ხმაური მოჰყვა

პუბლიკა avatar
პუბლიკა

კლუბ „ბასიანთან“ შრომის ინსპექცია მივიდა, რასაც იქ შეკრებილების ხმაური მოჰყვა.

შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კლუბი 10 ათასი ლარით დაჯარიმდა. მათ კლუბის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ტატო გეთიას უთხრეს, რომ ეძლევათ გონივრული ვადა ტერიტორიის დასაცლელად, შემდეგ კი დალუქვის პროცედურები დაიწყება.

„ბასიანის“ მიმდებარედ კლუბის დამფუძნებლები, სხვადასხვა კლუბის წარმომადგენლები და მოქალაქეები არიან შეკრებილები. სწორედ მათ შეუშალეს ხელი შრომის ინსპექციის წარმომადგენლებს კლუბში შესვლაში.

„მონებო!“ „სამთავრობო ღონისძიებებზე ვირუსი არ ვრცელდება?!“ „აქედან დედაენის ბაღში წახვალთ?“ [სადაც მერიის ღონისძიება ტარდება] – ამგვარი შეძახილები ისმოდა კლუბთან შეკრებილების მხრიდან შრომის ინსპექციის წარმომადგენლების მისამართით.

დღეს „ბასიანზე“ და კიდევ რამდენიმე კლუბში ღონისძიებები იყო დაგეგმილი. მათ დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ შრომის ინსპექციამ კლუბების დალუქვა დაიწყო.

„ბასიანთან“ შეკრებილები აცხადებენ, რომ დღეს ღონისძიებები მაინც ჩატარდება.

კლუბების მფლობელები ამბობენ, რომ მათ შრომის ინსპექციისგან დაპირება მიიღეს რეგულაციების მოხსნის შესახებ, თუმცა გასულ კვირას ჩატარებული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კლუბები ისევ არ გაიხსნება. მიზეზად ომიკრონის შტამის გავრცელების გამო გართულებული ეპიდსიტუაცია დასახელდა.