სააკაშვილი რიგითი პატიმარი არაა და მისი გადაყვანა რთული იქნება - პრეზიდენტი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი არის განსაკუთრებული პატიმარი. ზურაბიშვილის განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტი არ არის რიგითი პატიმარი, ის შესაძლებლობა, რაც ეძლევათ რიგით პატიმრებს, რომ გადავიდნენ სამოქალაქო სივრცეში, მისი განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, ვერ მიეცემა მიხეილ სააკაშვილს. მისი თქმით, სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში რთულად განსახორციელებელი იქნება.

„ისმის მოთხოვნა, რომ ექსპრეზიდენტი, როგორც სხვა რიგით პატიმრები გადაყვანილი იყოს სამოქალაქო მულტიფუნქციურ კლინიკაში. ამ სიტყვებს იმეორებს ერი და ბერი, ისე რომ არ აქვთ წარმოდგენა, თუ რას ნიშნავს ეს და რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული. თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ ექსპრეზიდენტი რიგითი პატიმარი არ არის და ვერ იქნება, მაშინ ასევე უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ის შესაძლებლობა რაც ეძლევათ რიგით პატიმრებს, რომ გადაყვანილნი იყვნენ სამოქალაქო სივრცეში, სწორედ ამ განსაკუთრებულობიდან გამომდინარე უფრო რთულად განსახორციელებელია, მრავალი შესაძლო საფრთხეებიდან გამომდინარე, რისი დაზღვევაც რთულია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით,  პირველ რიგში დაცული უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის ღირსება. მისი თქმით, სააკაშვილის შესახებ კადრების გავრცელება ღირსების შემლახავი იყო.

„ყოფილი პრეზიდენტი მაინც დაკავშირებულია სახელმწიფოსთან და ამ სტატუსს უნდა ეცეს პატივი, ამდენად იმ კადრების გავრცელება, რომელიც ამ ღირსების და პატივის შემლახავია ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტისთვის მიუღებელია“, – თქვა მან.

მისი თქმით, ქვეყნის დესტაბილიზაციის ინსტრუმენტი შეიძლება გახდეს პრეზიდენტის ჯანმრთელობა და მისი ჯანმრთელობის დაცვით ყველაზე მეტად ხელისუფლება უნდა იყოს დაინტერესებული.

„მიუხედავად იმისა, რომ თავად მიიღო შიმშილობის გადაწყვეტილება ეს არ ხსნის და არ ამცირებს ხელისუფლების პასუხისმგებლობას. ლოგიკურად ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის შენარჩუნებით ყველაზე დაინტერესებული ხელისუფლება უნდა იყოს და ვფიქრობ, კიდევაც არის“, – თქვა ზურაბიშვილმა.