სააკაშვილი, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს ხვალ პროცესზე დასწრებას - ხერხეულიძე

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ეკა ხერხეულიძის თქმით მიხეილ სააკაშვილი ხვალ სასამართლო სხდომაზე დასწრებას, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს. ამის შესახებ დეპუტატმა გორის სამხედრო ჰოსპიტალთან, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ისაუბრა.

„ნეტა ასე არ მოხდეს, მაგრამ ჩემი დღევანდელი შეხედულებით ხვალ ის ფიზიკურად ვერ შეძლებს სასამართლოზე დასწრებას. ამის გამო მას ძალიან წყდება გული. იცით, რომ სასამართლო არის ერთადერთი შესაძლებლობა, სადაც მას შეუძლია, ეს პლატფორმა გამოიყენოს ტრიბუნად და, რა თქმა უნდა, დასანანია, რომ, სავარაუდოდ, ის ვერ შეძლებს გამოცხადდეს სასამართლოზე“, – თქვა ხერხეულიძემ.

დეპუტატის თქმით, მიხეილ სააკაშვილს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს და ახლა მის ჯანმრთელობაზე ყურადღების მიქცევაა საჭირო.

„ადამიანი უბრალოდ ვერ მოძრაობს დამოუკიდებლად, ბარბაცით დადის. სავარძლიდან საწოლამდე მანძილი ძალიან პატარაა, მაგრამ სიმყარეს ვერ გრძნობს, არ აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობა იმგვარად, რომ დამოუკიდებლად გადაადგილდეს“, – თქვა ხერხეულიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს საზოგადოებას მეტად იაქტიურონ, გამოხატონ თავიანთი პოზიცია მძიმე ყოველდღიურობისა და „გაღარიბებული საქართველოს“ შესახებ.

„მისი შეფასებით, ასეთი ღატაკი, ასეთი უძლური საქართველო დიდი ხანია არ ახსოვს და წარმოუდგენელია ადამიანები ამას შეეგუონ“, – დასძენს ხერხეულიძე.