სააკაშვილი წინასაარჩევნოდ ენმ-ს ბორდის შექმნას და ბორდის თავმჯდომარედ საკუთარ კანდიდატურას სთავაზობს

პუბლიკა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რომელშიც საუბრობს საარჩევნოდ ოპოზიციური პარტიების ერთობის აუცილებლობაზე.

მისი თქმით, ის, როგორც „ცალკე აღებული ადამიანი და რეგიონალური ლიდერი“ მზად არის, ყველაფერი გააკეთოს ამ ერთიანობისთვის.

„ერთიანობა პირველ რიგში არჩევნებზე საერთო სიას ნიშნავს. ამ საერთო სიაში თავისი წარმომადგენლების დელეგირებას პარიტეტული პრინციპით ყველა ძირითადი პროევროპული ძალა გააკეთებს. საარჩევნო ნომერი შემთხვევითი წესით შეიძლება შეირჩეს.

ჩვენი დათვლებით, საერთო სიის შემთხვევაში, ოპოზიცია ოცნებას 70/30 პროპორციით დაამარცხებს. შემდეგ გარდამავალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს და ძლიერი სპეციალისტებით დაკომპლექტდეს, რომლებიც ქვეყანაში ნამდვილად არიან და ამავე დროს, ამ ეტაპზე პოლიტიკის წინა ხაზზე არ არიან. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება სასამართლოში ცვლილებებზე, დეოლიგარქიზაციის პრინციპებსა და მომავალ კონსენსუსურ საპრეზიდენტო კანდიდატზე ახლავე უნდა შეთანხმდნენ“, – წერს სააკაშვილი.

ის ცალკე აბზაცს უთმობს, რა უნდა გააკეთოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“:

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და გავაღრმაოთ საზოგადოებასთან და სხვა პოლიტიკურ ძალებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა, წინ უნდა წამოვწიოთ ბევრი ახალი სახე და წამოვაყენოთ ახალი იდეები. მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმს ახლაც იზოლირებული ვყავარ და ჩემ მიმართ ახალ რეპრესიებს ამზადებს, მე მზად ვარ, კიდევ უფრო აქტიურად ჩავერთო და ყველა ხელოვნური დაბრკოლება გადავლახო. ამასთან დაკავშირებით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ვთხოვ, უახლოეს დღეებში პარტიის ბორდი შევქმნათ და ბორდის თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, ხოლო ჩემს მოადგილედ, სოფო ჯაფარიძე აირჩიონ.

სოფო ამ ბოლო დროს განსაკუთრებით წარმოჩინდა, როგორც წამყვანი და გამწევი ძალა. ის ახალი თაობის პოლიტიკოსებში უმნიშვნელოვანესი ახალი ლიდერი იქნება. ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“, თავისი უშიშრობით, კომუნიკაბელურობით, დაუღალაობით პარტიის არსებულ ლიდერშიფთან ერთად ერთიანობისთვის მუშაობას შეძლებს.

ასევე, მე პირადად მიმაჩნია, კარგი იქნებოდა, რომ ის პირველი ნომერი ყოფილიყო იმ დელეგატთა შორის, ვისაც ჩვენ საერთო ოპოზიციური გაერთიანების სიაში წარვადგენთ, რაც პარტიის სხვა ლიდერების დამსახურებასა და მნიშვნელობას არანაირად არ ამცირებს“, – წერს ის.

სააკაშვილის შეფასებით, სოფო ჯაფარიძეს საინტერესო აქტივისტების ჯგუფი ჰყავს და ახალი ხალხის მოზიდვის უნიკალური უნარი აქვს.

სააკაშვილისვე თქმით, ცესკო უნდა დაკომპლექტდეს სანდო ადამიანებით.