სააკაშვილი ყველაფერში ბაძავს ჰიტლერს, უბრალოდ, „ფეიქი ჰიტლერი“ გამოდის – ღარიბაშვილი

პუბლიკა

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მე-3 პრეზიდენტი კიდევ ერთხელ შეადარა ადოლფ ჰიტლერს და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჰიტლერს „ყველაფერში ბაძავს. უბრალოდ, „ფეიქი ჰიტლერი“ გამოდის“.

„შედარება მინდა გავაკეთო. არარელევანტური შეიძლება იყოს სააკაშვილის ჰიტლერთან შედარება, მაგრამ ეს ადამიანი ყველაფერში ბაძავს. უბრალოდ, გამოდის „ფეიქი ჰიტლერი“. რატომ? როდესაც ჰიტლერი პირველად ჩასვეს ციხეში, მანაც დაიწყო შიმშილობა და ძალიან ბევრი მნახველი მიდიოდა და დაახლოებით იგივე სცენა დადგა ამ საცოდავმა კაცმა ციხეში.

ეს დაახლოებით იგივეა, რომ ჰიტლერს, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მოეთხოვა კიდევ ძალაუფლებაში, ხელისუფლებაში დაბრუნება და ეს ხალხს, მსოფლიოს დაეჯერებინა. ჩვენს მასშტაბებში დაახლოებით იგივეა… ამ კაცმა ქვეყანა დაანგრია, გადაუარა ქვეყანას, ტანჯა, დახოცა ხალხი, ტერიტორიები დაკარგა, ჩააბარა კოდორი, სოფლები და შემდეგ „ქვების გროვა“ უწოდა დაკარგულ ტერიტორიებს“, – განაცხადა პრემიერიმა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ ამომრჩევლის დასაბნევად „გაიშალა“ იმის საჩვენებლად, რომ მათ პარტიაში დემოკრატიაა, თუმცა პრემიერის თქმით, ეს „ჩვეულებრივი დიქტატურაა“.

„ვინც დაასახელა ნიკა მელიამ, ყველა იყო „ნაცმოძრაობის წევრი“. ვინ არის „გირჩი“ – ზურა ჯაფარიძე? „ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი იყო. „ევროპული საქართველო“ ვინ არის, ხო?!… ადრეც მითქვამს და ყოველთვის გავიმეორებ – კი არ დაიშალნენ, გაიშალნენ თავის დროზე – ეს იყო ჩვეულებრივი რაღაც, ტაქტიკური სვლა მოსახლეობის, თავისი ამომრჩევლის დასაბნევად, რომ თითქოს რაღაც დემოკრატია აქვთ შიგნით. ამ დროს ჩვეულებრივი დიქტატურაა. მათი ბუნება, მათი ნატურა არ შეიცვლება. ეს იგივეა, რომ კაცმა ეშმაკს დაუჯეროს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


პრემიერ-მინისტრამდე სააკაშვილი ჰიტლერს მამუკა მდინარაძემაც შეადარა. როგორც მდინარაძე ამბობდა, „ენმ-ის წარსულის მძიმე ცოდვების შესახებ კიდევ ერთხელ უნდა გაიხსენოს ქართულმა საზოგადოებამ. ეს იგივეა, რაც ჩვენს მეგობარ ქვეყნებში ვიღაცამ ჰიტლერი რომ ახსენოს, როგორ შეიძლება, ჰიტლერზე რაღატომ ლაპარაკობ, ეს სიძულვილის ენა არისო“, – ამბობდა მდინარაძე.