სააკაშვილის ადვოკატი განაჩენის გადავადების მუხლის შეცვლისთვის პარლამენტს მიმართავს

პუბლიკა

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს და განაჩენის აღსრულების გადავადების მუხლში ცვლილებებს მოითხოვს.

კერძოდ, მის მიერ მომზადებული პროექტით, იცვლება და უფრო მსუბუქდება სასჯელის გადავადების საფუძვლები.

საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია ამგვარი ჩანაწერი:

სასამართლომ განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს – სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, თუ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამოა თავისუფლების აღკვეთასთან – მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე.

დღეს მოქმედი რედაქცია კი ასეთია:მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, – მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე.

პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის თავისუფლების აღკვეთასთან შეუსაბამობის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელაღსრულების დაწესებულების მიერ ჩატარებულ და შესაძლებელ მკურნალობას, სასჯელაღსრულების დაწესებულების პირობებს და მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის მიზანშეწონილობას.

საკანონმდებლო წინადადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო განაჩენის აღსრულების გადავადებისას სასამართლომ იმავე განჩინებით უნდა განსაზღვროს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით ექსპერტიზის მსჯავრდებულის ხარჯით ჩატარებისა და მსჯავრდებულის მიერ პრობაციის ბიუროში ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის პერიოდულობა.

„თუ მსჯავრდებული პრობაციის ბიუროს შესაბამისი პერიოდულობით არ წარუდგენს ექსპერტიზის დასკვნას მას შემდეგ, რაც იგი გააფრთხილა პრობაციის ბიურომ, განაჩენის აღსრულების გადავადების გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე, განჩინებით, პრობაციის ბიუროს წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოსახდელად მსჯავრდებულის შესაბამის დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ”, – ნათქვამია საკანონმდებლო წინადადებაში.

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძისა და ზურაბ ვანიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში 16 ივლისს დარეგისტრირდა. გუშინ, 18 ივლისს გამართული ბიუროს სხდომის გადაწყვეტილებით, წინადადების განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დაევალა.

როგორც გუშინ ხაჭაპურიძემ მედიასთან განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.

„პირველ რიგში ველოდებით მარიამ ჯიშკარიანის [ცენტრი „ემპათია”] საექსპერტო დასკვნას. შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, საერთოდ შეგვაქვს თუ არ შეგვაქვს. დასკვნაში უნდა იყოს ის დაავადებები, რომელიც სასჯელის გადავადების საფუძველს წარმოშობს. მეორე საკითხი – ველოდებით ამერიკელების ჩამოსვლას, რომლებიც როგორც ექსპერტები ჩაერთვებიან ამ საქმეში”, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.