სააკაშვილის ადვოკატებმა ევროსასამართლოში საჩივარი გაგზავნეს

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილის საქმე ადვოკატებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნეს.

როგორც ადვოკატი შოთა თუთბერიძე აცხადებს, საჩივარში საუბარია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციით დაცული პუნქტების დარღვევაზე.

„ევროსასამართლოს, ცხადია, აქვს ძალიან მკაცრი დადგენილი პროცედურა, რაც გულისხმობს საქმის არსებითად განსახილვლეად მიღებას, რის შემდეგაც გადაწყდება, სახელმწიფომ დაარღვია თუ არა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისი დებულებები“, – განმარტავს ის „TV პირველთან“.

დაცვის მხარის შეფასებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ დაადგინოს არაერთი მუხლის დარღვევა.

სააკაშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ საქმის ინტერესიდან გამომდინარე მის შინაარსზე არ ისაუბრებენ. იმავეს ამბობს „TV პირველთან“ ადვოკატი შოთა თუთბერიძეც.

„ვფიქრობ, საჩივრის შინაარსის კონკრეტულ დეტალებში შესვლა არ იქნება მართებული და გამეორება ხელისუფლების რიტორიკისა და ევროსასამართლოს პრაქტიკის ბოროტად გამოყენება, ამიტომ დეტალებში ვერ შემოვალ“, – განაცხადა მან „დღის ამბებში“.