სააკაშვილის ადვოკატს სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა სურს

პუბლიკა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ პრეზიდენტთან შეხვედრა სურს და მისთვის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში ელოდებიან ამერიკელი სპეციალისტებისგან ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგებს.

„დასკვნა რომ გვექნება, მოვითხოვთ შეხვედრას ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან, მე მისი ადვოკატი ვიყავი 2 წელიწადი და ვიცნობ საკმაოდ ახლოს. გვექნება შეხვედრა და ვისაუბრებთ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით”-  განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

მან მიხეილ სააკაშვილი დღეს კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა. შემდეგ კი მან  ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი თანახმაა ადვოკატი შეხვდეს სალომე ზურაბიშვილს და გააცნოს სამედიცინო დასკვნის შედეგები, თუმცა, შეწყალების საკითხის განხილვა არ სურს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ სამკურნალოდ 12 მაისს გადაიყვანეს. როგორც მისი ადვოკატები და ოჯახის წევრები აცხადებენ, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სულ უფრო უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა.